კლინიკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი ტარიფებით, 35%-ით არის შემცირებული სამინისტროს მიერ სამედიცინო ჩარევებისთვის გათვალისწინებული სახელფასო კომპონენტი, რასაც კლინიკებში დასაქმებულთა ანაზღაურების შემცირება უკვე მოყვა.
"520-ე დადგენილებიდან 2 თვე გავიდა, ჩვენ ვმუშაობდით და ვცდილობდით შეთანხმებას სამინისტროსთან, თუმცა ჯერჯერობით, არანაირი შედეგი არ არის მიღწეული. ყველა ის პრობლემა, რომელიც დავაყენეთ ორი წლის წინ, ჩვენ ვაფრთხილებდით სამინისტროს, რომ ამ ფასების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა რიგი სერვისების შეთავაზება ადამიანებითვის. ამ საკითხების მოგვარება დღემდე არ ხდება. 520-ე დადგენილების პირველი ეფექტი ის არის, რომ რიგი სერვისები ვერ მიეწოდება პაციენტებს, ოპერაციები ფიზიკურად ვერ ტარდება, მაგალითად, ბიოლოგიური სარქველის იმპლანტაცია და ა.შ. ძალიან ბევრი პრობლემა ექმნებათ პაციენტებს, ასევე ჯანდაცვის მედპერსონალს შეუმცირდა სახელფასო ფონდი და რიგი თანამშრომლები ადმინისტრაციული კუთხით დათხოვნილი იქნა საავადმყოფოდან. თუ ნახავთ ჯანდაცვის სამინისტროს კალკულაციებს, დარწმუნდებით, რომ თავადვე აქვთ სახელფასო ფონდი შემცირებული 35%-ით", - განაცხადა "საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტმა, "თბილისის გულის ცენტრის" წარმომადგენლმა არჩილ ჩუხრუკიძემ.
კონკრეტულად რამდენად შეამცირა ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი განფასებით ხელფასების კომპონენტი?
ამის დადგენა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით არის შესაძლებელი. სამინისტრომ ამ განცხადებაში წარადგინა შუნტირების ოპერაციის დეტალური განფასება 5 კერძო კლინიკისთვის. დოკუმენტის მიხედვით, 520-ე დადგენილების ამოქმედებამდე აღნიშნული ოპერაციის ჩატარება 9012 ლარიდან 11,539 ლარამდე მერყეობდა.
აღნიშნულ კლინიკებში ოპერაციის ჩატარების უშუალოდ სახელფასო კომპონენტი კი 3232 ლარიდან, 4375 ლარის დიაპაზონში იყო.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფებით, შუნტირების ოპერაციის ღირებულება (8 CAR) 8500 ლარით განისაზღვრა. ეს ფასი სამინისტროს მიერ მაგალითად მოყვანილ ხუთივე კლინიკაში არსებულ ფასზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. ამასთანავე აღნიშნული ტარიფით, ოპერაციისთვის გათვალისწინებული სახელფასო ხარჯი 2,900 ლარის ტოლია.
5 კლინიკაში შუნტირების ოპერაციის ჩატარების საშუალო ღირებულება (ახალი ტარიფის ამოქმედებამდე) და ახალი ტარიფით დადგენილი ღირებულება ერთმანეთისგან ასე განსხვავდება:
- შუნტირების ოპერაციის ჩატარების საშუალო ღირებულება 5 კლინიკაში ახალი ტარიფების ამოქმედებამდე - 10,483 ლარი; ამოქმედების შემდეგ 8,500 ლარი;
- შუნტირების ოპერაციის ჩატარების საშუალო სახელფასო ღირებულება 5 კლინიკაში ახალი ტარიფების ამოქმედებამდე - 3,839 ლარი; ამოქმედების შემდეგ 2,900 ლარი;