ენერგოომბუდსმენის 2025 წლის ანგარიშში წერია, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის ან აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შარშან გაიზარდა.
კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ შარშან ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების სამოქმედო არეალებში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის აფეთქების, გაჟონვის, მოწამვლის (გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი ე.წ. „მხუთავი“ აირით (CO) ინტოქსიკაციის) შემთხვევები.
შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში კომპანიის განაწილების არეალში (რომელიც მოიცავს დედაქალაქის უმეტეს ნაწილს) ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად დაფიქსირდა აფეთქების - 6 ფაქტი, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა - 2 ადამიანი. ასევე დაფიქსირდა მხუთავი აირისაგან (CO) სავარაუდო მოწამვლის - 20 შემთხვევა, გარდაიცვალა - 4 მოქალაქე. მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო 23-მა ადამიანმა.
2025 წელს შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ განაწილების არეალში, ანუ ძირითადად საქართველოს რეგიონების მასშტაბით (მსხვილი ქალაქების გამოკლებით) დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის აფეთქების - 7 შემთხვევა, რომლის შედეგადაც ფიზიკური დაზიანება არავის მიუღია. მხუთავი აირისაგან (CO) მოწამვლის 13 შემთხვევა, რომლისგანაც ინტოქსიკაცია მიიღო 10-მა ადამიანმა. გარდაიცვალა - 8 ადამიანი.
სს „საქორგგაზის“ განაწილების არეალში, რომელშიც შედის რუსთავი, ქუთაისი, გორი და სხვა მსხვილი ქალაქები, ბუნებრივი გაზისაგან მოხდა აფეთქების - 1 შემთხვევა, გარდაიცვალა - 1 ადამიანი. ამავე კომპანიის განაწილების არეალში 2025 წელს დაფიქსირდა მხუთავი აირისაგან (CO) მოწამვლის - 20 შემთხვევა, რომლის დროსაც გარდაიცვალა - 3 მოქალაქე. როგორც ბოლო წლების მონაცემებიდან ჩანს, მხუთავი აირით მოწამვლის ფაქტები საკმაოდ გახშირდა და ამ მხრივ კვლავ პრობლემურად რჩება რეგიონები.
2025 წელს მცირე ლიცენზიატების (შპს „თელავგაზი“, სს „ენერგოკავშირი“ და შპს „დიდი დიღომი“) განაწილების არეალებშიც დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის გაჟონვის შემთხვევები, რომელიც აღმოიფხვრა კომპანიების მიერ, თუმცა, ბუნებრივი გაზის აფეთქების, ადამიანთა ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის (მათ შორის, მხუთავი აირის ზემოქმედების შედეგად), ასევე, მოქალაქეთა ქონების დაზიანების ფაქტები დაფიქსირებული არ ყოფილა.
"ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი რიცხვი იყო 2020 წელს, როცა მხოლოდ გარდაცვალების შემთხვევების რიცხვმა დედაქალაქის არეალში სამ ათეულს გადააჭარბა, მომდევნო წლებში ეს ციფრები თანდათანობით შემცირდა. საანგარიშო წელს 2024 წელთან შედარებით კი გაიზარდა როგორც უბედური შემთხვევების რაოდენობა, ასევე მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები. განსაკუთრებით საქართველოს რეგიონების მასშტაბით.
ენერგოომბუდსმების სამსახური მიიჩნევს, რომ საჭიროა საინფორმაციო კამპანიის აქტიურად წარმოება, ასევე განაწილების ლიცენზიატებისაგან გეგმური შემოწმებების განხორციელების შემდეგ, საცხოვრებელ კორპუსებში გაზმომარაგების ქსელების, ასევე, ბუნებრივ გაზზე მომუშავე ხელსაწყოების ახლო პერიოდში მორიგი გადამოწმება, რადგან შესაძლოა კომპანიის მიერ ჩახსნილი ბუნებრივი გაზის დანადგარები, ისევ იყოს დამონტაჟებული (დაბრუნებული ადგილზე), ან თვითნებურად აღდგენილი გაზმომარაგება, დამრღვევი პირების მხრიდან.
ანგარიშში ასევე წერია, რომ 2025 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით ენერგოომბუდსმენის სამსახურში მოქალაქეთა 106 განცხადება შევიდა.
ეს განცხადებები კომპანიის მიხედვით ასე გადანაწილდა:
- შპს „თბილისი ენერჯი“ 63;
- შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 22;
- სს „საქორგგაზი“ 19;
- სს „თელავგაზი“ 2;
რაც შეეხება ტარიფს, 2025 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აქტიურად მიმდინარეობდა ბუნებრივი გაზის ტარიფებზე მუშაობა. დეკემბრის თვეში ბუნებრივი გაზის სექტორში განხორციელდა საყოფაცხოვრებო ტარიფების კორექტირება.
კორექტირებული ტარიფები დაუდგინდათ გაზის ყველა ლიცენზიატს, თუმცა ტარიფების სამომხმარებლო განაკვეთები არ შეცვლილა და დარჩა იმავე დონეზე. აღნიშნულმა ტარიფებმა ცვლილებები განიცადა მხოლოდ მისი შემადგენელი კომპონენტების ნაწილში (მაგალითად, გაიზარდა ტრანსპორტირების ტარიფი - 1.826 თეთრი. ამასთანავე შეიცვალა მიწოდებისა და განაწილების ტარიფები), ხოლო ჯამურად სამომხმარებლო ტარიფების განაკვეთები ფაქტობრივად დარჩა უცვლელი. საყოფაცხოვრებო ტარიფების მოქმედების ვადად კი განისაზღვრა 2027 წლამდე პერიოდი.




























