ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ბოლო დღეების განმავლობაში გარდაცვლილ დემონსტრანტთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა. ყველაზე ბოლო ცნობას ირანის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით Reuters-ის აქვეყნებს, რომელიც წერს, რომ დეკემბრის ბოლოს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს ამ დროისთვის 2,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. აღნიშნული პიროვნება არ აკონკრეტებს, თუ მათი რა ნაწილია დემონსტრანტი და საპოლიციო ძალების წარმომადგენელი. ოფიციალური თეირანი მომიტინგეების სიკვდილზე პასუხისმგებლობას “ტერორისტებს” აკისრებს, თუმცა არ კონკრეტდება, რა იგულისხმება ამაში.
განსხვავებულია Associated Press-ის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის თანახმადაც ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, სულ მცირე, 646 მოქალაქე შეეწირა. იმავე ცნობას ადასტურებს ამერიკული abc, CNN-ი კი ამ დრომდე მხოლოდ 500-ზე მეტი გარდაცვლილის შესახებ წერს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ირანული სამთავრობო მედიების მეშვეობით გავრცელდა ვიდეოები, სადაც შენიღბული დაუდგენელი პირები გაურკვეველი მისამართიც ცეცხლს ხსნიან. როგორც პროპაგანდისტული არხები აცხადებენ, შეიარაღებული ადამიანები ქვეყანაში შემოგზავნილი აგენტები არიან, რომლებიც სამართალდამცავი პირების მიმართულებით ისვრიან. პარალელურად, ირანიდან ვრცელდება კადრები, როგორ იჭერენ დემონსტრანტები ე.წ. ტიტუშკებს, რომლებიც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალას იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ ირანში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები იმართება, რომლებიც თავდაპირველად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო უკმაყოფილებით დაიწყო, შემდეგ კი სასულიერო მმართველობის დამხობის მოთხოვნებში გადაიზარდა. ქვეყანა საყოველთაო საინფორმაციო ბლოკადაშია მოქცეული. ოფიციალურმა თეირანმა სრულად გათიშა ინტერნეტი და სატელეკომუნიკაციო საშუალებები. მომიტინგეთა მდგომარეობის შესახებ არადაცენზურებული ინფორმაცია კი მხოლოდ პერიოდულად, ილონ მასკის Starlink-ების სატელიტური ინტერნეტის გამოყენებით ვრცელდება. ირანში მიმდინარე პროტესტს აქტიურად ადევნებენ თვალყურს თეთრ სახლში. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ 25%-იანი ტარიფები დაუწესდება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ირანთან აქტიურად ვაჭრობს. პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. არსებობს ცნობები, რომ შტატების ომის დეპარტამენტი ირანის ხელისუფლებაზე სამხედრო და კიბერ შეტევისთვის ემზადება. ამ სცენარს აქტიურად განიხილავს პრეზიდენტი ტრამპიც, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ თუ ირანის მთავრობა დემონსტრანტების დახოცვას დაიწყებს, მათ დასახმარებლად პროცესში შეერთებული შტატები ჩაერთვება. მზადყოფნაა გამოცხადებული ისრაელშიც, სადაც ამჟამად აშშ-ის შემდგომ გადაწყვეტილებებს ელოდებიან. ოფიციალურ თეირანში კი განმარტავენ, რომ აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ ომისთვის მზად არიან.




























