მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი დაიხარჯა ბიუჯეტიდან შოვსა და გურიაში მომხდარი სტიქიების შედეგების ლიკვიდაციისთვის?

შოვი

საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ხათუნა სამნიძემ აგვისტოში, რაჭასა და გურიაში მომხდარ სტიქიებთან დაკავშირებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კითხვებით მიმართა :

1. რა ღონისძიებები გატარდა და რა ოდენობის საბიუჯეტო სახსრებია დახარჯული შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისთვის დღეის მდგომარეობით?

2. რა ღონისძიებები გატარდა და რა ოდენობის საბიუჯეტო სახსრებია დახარჯული გურიაში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისთვის დღეის მდგომარეობით?

სამინისტროს პასუხი:

2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭის რეგიონში, შოვში განვითარებული სტიქიის მასშტაბურობის
გათვალისწინებით, სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო/გაწმენდით სამუშაოებს, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის კოორდინაციით, ახორციელებდნენ კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიები. სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო/გაწმენდითი სამუშაოები, კონტრაქტორი კომპანიების სურვილითა და გადაწყვეტილებით, მათ მიერ განხორციელდა სრულიად უსასყიდლოდ. შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) მხრიდან, შოვის სტიქიის ფარგლებში შესრულებულ სალიკვიდაციო ან სამძებრო/გაწმენდით სამუშაოებზე ანაზღაურება არ განხორციელებულა.

დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ136+100-კმ142+300 მონაკვეთი, ასევე, ერთი დროებითი ხიდი 136-ე კმ-ზე და ორი ხიდი 139-ე და 141-ე კმ-ებზე) აღდგენის მიზნით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზისა და ხიდების აღდგენითი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

შესაბამისად, საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დადგინდება აღდგენითი სამშენებლო სამუშაოების ღირებულება. ამასთან, შოვში განვითარებული სტიქიის შედეგად, დაზიანდა ონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული წყალმომარაგების ქსელი. წყალმომარაგების აღდგენის მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შიდა რესურსებით ჩატარდა წყალმომარაგების აღდგენის სამუშაოები.

რაც შეეხება, 2023 წლის 9 სექტემბერს გურიის რეგიონში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებს, გაცნობებთ, რომ დეპარტამენტმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები (გაწმენდა, ხიდის აღდგენა) მის გამგებლობაში არსებულ საავტომობილო გზებზე განახორციელა არსებული მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) ხელშეკრულებების ფარგლებში, რისთვისაც დეპარტამენტის მიერ ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 18 220 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაკვეთით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამი პროექტის ფარგლებში მოწყობილი ინფრასტრუქტურა. კერძოდ:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ნატანების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოები;
2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ჯურუყვეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო/სამშენებლო სამუშაოები;
3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ღრმაღელის თემის სოფლებისა და სოფელ წიაღობნის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა რეაბილიტაციის საპროექტო/სამშენებლო სამუშაოები.

არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განხორციელდა ზემოაღნიშნული ობიექტების დათვალიერება, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზუსტი მოცულობისა და გასატარებელი ღონისძიებების ღირებულების დადგენა, რის შემდგომაც გატარდება შესაბამისი ღონისძიებები პროექტ(ებ)ის ფარგლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის.

ამასთან, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის, სასტუმროში გადაყვანისა და სასტუმროს ხარჯების დაფინანსების მიზნით „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 სექტემბრის №1740 განკარგულების შესაბამისად „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყო 300 000 ლარი, კერძოდ: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 170 000 ლარი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 130 000 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები