ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის განხორციელებიდან უკვე თითქმის ერთი თვეა გასული, ამ პერიოდის განმავლობაში კი დაპირისპირებულმა მხარეებმა დიდი მოცულობის რესურსები დახარჯეს.
ფინანსთა სამინისტროს წინასწარ გამოთვლებით, ამ ერთი თვის განმავლობაში ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლაში დაახლოებით 51 მილიარდი დოლარი დახარჯა, ამ თანხის უდიდესი ნაწილი კი შეიარაღებული ძალების მომარაგებაზე მოდის. სამინისტროს მიერ დასახელებული თანხა ისრაელის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 10%-ია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კონფლიქტის სერიოზულობას.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული თანხა არ მოიცავს ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალის მოცულობას და ის მხოლოდ საოპერაციო ხარჯებს ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლა იქამდე არ დასრულდება, სანამ ტერორისტული ორგანიზაცია სრულად არ განადგურდება და ღაზის სექტორი ძალადობრივი რეჟიმისგან არ განთავისუფლდება. პრემიერის განცხადება იმის მაუწყებელია, რომ უახლოეს მომავალში ისრაელი გაჩერებას არ გეგმავს, შესაბამისად, სამხედრო ხარჯები მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.