მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი FDI სჭირდება განვითარებად ეკონომიკას და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სტატისტიკაში?|ბლოგი

ნიკა ალავიძე
19.06.26 23:30
34

BMG გთავაზობთ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, საზოგადოებრივი მოძრაობა "ჯერ საქართველოს" თანადამფუძნებელ ნიკოლოზ ალავიძის ბლოგს.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახლებული სტატისტიკა ერთი შეხედვით დამაიმედებელია, ინვესტიციები შემოდის, ნომინალური ციფრები მაღალია, ეკონომიკა იზრდება.

ეს არის „ბედნიერი ციფრების“ ციკლის გაგრძელება: ფორმალურად ყველაფერი რეალურზე უკეთესად გამოიყურება. FDI-ის შეფასებისას მაინც მთავარია არა - "რამდენი", არამედ რა შემოვიდა, სად წავიდა და რა შეცვალა?

თუ ინვესტიცია არ ქმნის ახალ წარმოებას, არ აძლიერებს ექსპორტს, ტექნოლოგიას, პროდუქტიულობას და მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილებს, ის შეიძლება ზრდიდეს ბრუნვას, მოგებას და აქტივების ფასებს, მაგრამ არა ქვეყნის განვითარების ხარისხს. აქ იწყება საქართველოს FDI პარადოქსი: ჩვენ ვითვლით ფულს, მაგრამ ვერ ვზომავთ გარდაქმნას.

ერთი მილიარდი 2007 წელს და ერთი მილიარდი დღეს ერთი და იგივე არ არის

ინვესტიციების შეფასებისას ნომინალური ციფრები შეცდომაში შემყვანია. მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას, თუ რამდენი “ტუგრიკი” შემოვიდა, არამედ იმას, რა ზომის ეკონომიკაში შემოვიდა ეს თანხა.

2000-იან წლებში ერთი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოსთვის სისტემური მნიშვნელობის მოვლენა იყო. 2007 წელს FDI $1.76 მილიარდი იყო, რაც იმდროინდელი ეკონომიკის თითქმის მეხუთედს, მშპ-ის დაახლოებით 20%-ს გაუტოლდა.

სხვა სიტყვებით, იმ პერიოდში ეკონომიკაში შემოსული ყოველი 100 დოლარიდან, $20 პირდაპირი უცხოური ინვესტიციაზე მოდიოდა.

2006–2008 წლებში FDI-ის წილი მშპ-ში 12%-დან 20%-მდე მერყეობდა. რაც არა უბრალოდ საინვესტიციო აქტივობა, არამედ ეკონომიკური ტრანსფორმაციის მასშტაბის კაპიტალის ნაკადი იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა გავლენა მოახდინა ინფრასტრუქტურაზე, დასაქმებაზე, წარმოებაზე, ექსპორტზე და მთლიანად ეკონომიკის სტრუქტურაზე.

დღეს სურათი განსხვავებულია. 2025 წელს საქართველოს ნომინალურმა მშპ $38.1 მილიარდს მიაღწია და FDI-მ $1.689 მილიარდი. შედეგად, FDI-ის წილი ეკონომიკაში მხოლოდ 4.4% იყო.

რაც ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად 2025 წლის FDI თითქმის 2007 წლის მაჩვენებელს უტოლდება, მისი ეკონომიკური მნიშვნელობა დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებია.

თუ 2007 წელს უცხოური კაპიტალი ეკონომიკაში სისტემურ ცვლილებებს იწვევდა, დღეს იგივე მოცულობის ინვესტიცია გაცილებით დიდ ეკონომიკაში ნაწილდება ბევრად სუსტი გარდამქმნელი ეფექტით. ამიტომ კითხვა „რამდენი შემოვიდა?“ არასაკმარისია. მნიშვნელოვანია გავიაზროთ ეკონომიკის მოცულობასთან შედარებით რამდენად დიდია ეს ინვესტიცია?

რამდენი FDI სჭირდება განვითარებად ეკონომიკას?

არ არსებობს უნივერსალური „სწორი“ მაჩვენებელი, თუმცა საერთაშორისო გამოცდილება გარკვეულ ორიენტირს გვაძლევს. ქვეყნები, რომლებმაც ბოლო ათწლეულებში სწრაფი ეკონომიკური ტრანსფორმაცია შეძლეს, მათ შორის ირლანდია, ვიეტნამი, ესტონეთი, სინგაპური, ჩეხეთი და სლოვაკეთი, განვითარების აქტიურ ფაზაში, როგორც წესი, მშპ-ის 6%-დან 10%-მდე ან უფრო მაღალ FDI-ს იზიდავდნენ. სწორედ ამ მასშტაბის კაპიტალი ქმნიდა ახალ საწარმოებს, ახალ საექსპორტო სექტორებს, ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას და პროდუქტიულობის ზრდას.

შედარებისთვის, საქართველოს ბოლო წლების მაჩვენებელი ძირითადად 4–5%-ის ფარგლებშია, ხოლო 2025 წელს 4.4% იყო.

ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკა ვერ იზრდება. მაგრამ ნიშნავს, რომ მიმდინარე საინვესტიციო ნაკადები უფრო მეტად არსებული ეკონომიკური სტრუქტურის შენარჩუნებას ემსახურება, ვიდრე მის გარდაქმნას.

თუ საქართველოს მიზანი მხოლოდ ეკონომიკური ზრდა კი არა, პროდუქტიულობის ზრდა, ექსპორტის გაფართოება და ევროკავშირის ეკონომიკებთან რეალური დაახლოებაა, ქვეყანას საშუალოვადიან პერიოდში მშპ-ის მინიმუმ 6–8%-ის ეკვივალენტი, ახალი და პროდუქტიული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სჭირდება.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ინვესტიციები მოდიოდეს არა მხოლოდ ფინანსურ სექტორში, უძრავ ქონებასა და მომსახურებებში, არამედ წარმოებაში, ლოგისტიკაში, ენერგეტიკაში, ტექნოლოგიებში და ექსპორტზე ორიენტირებულ დარგებში.

ბოლო ოთხი წელი: სწრაფი ზრდა, კლებადი ინვესტიციები

საქართველო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ერთ-ერთ სწრაფად მზარდ ეკონომიკად პოზიციონირებს, მაგრამ ამავე პერიოდში FDI სისტემურად მცირდება.

2022–2025 წლებში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ დაახლოებით $7.4 მილიარდი შეადგინა.
2022 წელს FDI იყო $2.224 მილიარდი;
2023 წელს — $1.929 მილიარდი;
2024 წელს — $1.569 მილიარდი;
2025 წელს — $1.689 მილიარდი.

ეს დინამიკა მნიშვნელოვან პარადოქსს აჩენს, ის რეალობას გვიჩვენებს, ანუ ქვეყნის ეკონომიკურ მოდელს. იმ პერიოდში, როდესაც საქართველო რეგიონში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მაღალ ტემპს აჩვენებს და წლიური ზრდა 7–10%-ის ფარგლებში მერყეობს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირების ტრაექტორიაზე მოძრაობს. ჩვეულებრივ, სწრაფად მზარდი ეკონომიკა ახალ კაპიტალს იზიდავს. ზრდა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, აფართოებს ბაზარს, ზრდის მომგებიანობის მოლოდინს და ინვესტორებისთვის მიმზიდველ გარემოს აყალიბებს. საქართველოში კი საპირისპირო სურათია: ეკონომიკა სწრაფად იზრდება, ხოლო FDI 2022 წლის პიკიდან თითქმის მეოთხედით მცირდება.

კიდევ უფრო მკაფიოა სურათი ეკონომიკის ზომასთან მიმართებით:

2022 წელს FDI მშპ-ის, დაახლოებით, 9% იყო.
2023 წელს — 6.3%.
2024 წელს — 4.5%.
2025 წელს — 4.4%.

ანუ ოთხ წელიწადში უცხოური ინვესტიციების ეკონომიკური მნიშვნელობა პრაქტიკულად განახევრდა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან იმავე პერიოდში საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დაახლოებით 25 მილიარდი დოლარიდან 38 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სხვა სიტყვებით, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს ზრდა სულ უფრო ნაკლებად ეყრდნობა ახალ უცხოურ კაპიტალს. შესაბამისად, თუ ეკონომიკა მართლაც ასეთი მიმზიდველი და მზარდია, რატომ არ იზრდება შესაბამისი ტემპით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები?

ეს კითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მდგრადი განვითარების მოდელში ეკონომიკური ზრდა და პროდუქტიული ინვესტიციების ზრდა, როგორც წესი, ერთ მიმართულებით მოძრაობს.

რეინვესტირებული მოგება: კარგი ნიშანი, არასაკმარისი შედეგი

ბოლო წლებში საქართველოს FDI-ის მთავარი კომპონენტი რეინვესტირებული მოგებაა. ეს თავისთავად ცუდი არ არის. პირიქით, ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქმედი კომპანიები მოგებას იღებენ და მის ნაწილს საქართველოში ტოვებენ. მაგრამ რეინვესტირებული მოგება ნდობის ნიშანია, თუმცა არა ახალი განვითარების.

აქ მთავრდება კარგი ამბავი და იწყება მთავარი: ეს ახალი კაპიტალია, თუ უკვე არსებული მოგების სტატისტიკური აღრიცხვა ინვესტიციად?

როდესაც ბანკი, სადაზღვევო კომპანია, ტელეკომ ოპერატორი, ენერგოკომპანია ან დეველოპერი მოგებას დივიდენდად არ გაიტანს და კომპანიის ბალანსში იტოვებს, ეს FDI-ში ითვლება. მისი ეკონომიკური ეფექტი განსხვავებულია ახალი საწარმოს აშენებისგან, ახალი ტექნოლოგიის შემოტანისგან ან საექსპორტო წარმოების შექმნისგან.

2025 წელს რეინვესტირებულმა მოგებამ FDI-ის 82.8% შეადგინა. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 85.8% იყო. ანუ ბოლო წლებში FDI-ის დიდი ნაწილი ახალი ფულის შემოსვლა კი არა, საქართველოში დაგენერირებული მოგების ქვეყანაში დატოვებაა.
ეს ცუდი არ არის. მაგრამ საკმარისი არაა. ობიექტური შეფასებისთვის, FDI სამ განზომილებაში უნდა დავშალოთ:

რამდენია მთლიანი FDI? რამდენია რეალურად ახალი კაპიტალი? და რამდენია პროდუქტიული ინვესტიცია? ის, რაც ქმნის წარმოებას, ექსპორტს, ტექნოლოგიას, ენერგეტიკას, ლოგისტიკას, აგრო-გადამუშავებას და მაღალპროდუქტიულ სამუშაო ადგილებს.

სისუსტე სწორედ აქ ჩანს, სათაურში მითითებული ციფრები შთამბეჭდავია, მაგრამ მათ მიღმა ახალი და გარდამქმნელი კაპიტალის წილი არ იკითხება. FDI-ის დიდი ნაწილი სტატისტიკაში ჩანს როგორც ინვესტიცია, მაგრამ ეკონომიკაში ყოველთვის არ მუშაობს როგორც ახალი განვითარების წყარო. რეინვესტირებული მოგება სწორად უნდა წავიკითხოთ, ის არის ნდობის სიგნალი, მაგრამ არა განვითარების გარანტია.

კაპიტალი მიდის იქ, სადაც სისტემა მუშაობს

2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მიმღები ფინანსური და სადაზღვევო სექტორი იყო $607 მილიონით, ანუ მთლიანი FDI-ის 35.9%. შემდეგ მოდიოდა უძრავი ქონება $185.7 მილიონი, და ტრანსპორტი $166.1 მილიონი.

2026 წლის პირველ კვარტალში კონცენტრაცია კიდევ უფრო გაიზარდა: ფინანსური და სადაზღვევო სექტორი 46.1%; უძრავი ქონება 18%; საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომუნიკაცია 13.7%. ამ სამი სექტორის ჯამურმა წილმა 77.8% შეადგინა.

ეს უბრალო სტატისტიკა არ არის. ეს საქართველოში მოქმედი ეკონომიკური მოდელია. კაპიტალი მიდის იქ, სადაც სისტემა მუშაობს და ფული სწრაფად ტრიალებს: ფინანსებში, უძრავ ქონებაში, მომსახურებებსა და ინფრასტრუქტურულ აქტივებში. იქ, სადაც მოგება შედარებით სწრაფია, უზრუნველყოფა ხელშესახებია, აქტივი ლიკვიდური და ბაზრის ძალაუფლება მაღალი.

საქართველოს ფინანსური სექტორის სიძლიერე შემთხვევითი არ არის. წლების განმავლობაში სწორედ ის ჩამოყალიბდა ეკონომიკის ყველაზე ორგანიზებულ, ტექნოლოგიურ და მასშტაბურ ნაწილად. მაგრამ მისი დომინირება მხოლოდ წარმატების ისტორია არ არის, ეს დანარჩენი ეკონომიკის სისუსტის შედეგია.

როდესაც წარმოება სუსტად ვითარდება, კაპიტალის ბაზარი ფაქტობრივად არ ყალიბდება, ინოვაციური ეკოსისტემა ფრაგმენტულია, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტები განვითარების სტრატეგიულ არქიტექტურას ვერ ქმნიან, კაპიტალი ბუნებრივად კონცენტრირდება იქ, სადაც სისტემა უკვე გამართულია. ბანკებში, ფინანსურ მომსახურებებსა და აქტივებზე მიბმულ სექტორებში.
ასე ყალიბდება არა „დემონიზებული“, არამედ სტრუქტურულად მოსალოდნელი ოლიგოპოლია: ძლიერი ბანკები სუსტი ალტერნატივების ქვეყანაში. პრობლემა ფინანსური სექტორის სიძლიერე არ არის. პრობლემა ისაა, რომ დანარჩენი ეკონომიკა საკმარისად ძლიერად ვერ ყალიბდება.

როდესაც FDI-ის მთავარი მამოძრავებელი სწრაფი ბრუნვის და აქტივებზე მიბმული სექტორებია, ქვეყანა იზრდება ბრუნვით, კრედიტით, ქონების ფასებით და მომსახურებებით, მაგრამ არასაკმარისად წარმოებით, ექსპორტით, ტექნოლოგიითა და პროდუქტიულობით. ასეთი ზრდა ეკონომიკას აფართოებს, მაგრამ არ ცვლის მის სტრუქტურას. სხვა სიტყვებით, ესა ზრდა, რომელიც ბევრს ატრიალებს, მაგრამ ცოტას გარდაქმნის.

FDI-ის მეორე სიცოცხლე ბანკებში იწყება

თუ FDI-ის დიდი ნაწილი ფინანსურ სექტორში შედის, შემდეგი კითხვა ბუნებრივია: სად მიდის ეს კაპიტალი შემდეგ?

ფინანსურ სექტორში შესული ინვესტიციის რეალური ეფექტი დიდწილად ბანკების საკრედიტო პორტფელში ჩანს. სადაც მნიშვნელოვანი ნაწილი ფიზიკურ პირებზეა გადანაწილებული, სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებში. ბიზნესის დაკრედიტებაში კი წამყვანია ვაჭრობა, მშენებლობა, უძრავი ქონება, მომსახურება, სასტუმრო და რესტორნები.

ასე იქმნება FDI-ის შიდა ციკლი: ფინანსურ სექტორში მოზიდული კაპიტალით ბანკები ზრდიან პორტფელს; პორტფელი კვებავს მოხმარებას, იმპორტს, მშენებლობას და ქონების ფასებს. ეკონომიკა იზრდება, მაგრამ მისი პროდუქტიული საფუძველი სუსტად იცვლება.

ბანკების ქცევა კომერციულად გასაგებია. ისინი აფინანსებენ იმას, რაც უზრუნველყოფილია, სადაც ფულადი ნაკადი პროგნოზირებადია და რისკი უკეთ ფასდება. მაგრამ ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით ეს მოდელი არასაკმარისია.

როდესაც კაპიტალი ძირითადად უკვე ძლიერ სექტორებს აძლიერებს, ხოლო წარმოება, ტექნოლოგიური ბიზნესი და ექსპორტზე ორიენტირებული დარგები ნაკლებ რესურსს იღებს, ეკონომიკა ახალ პროდუქტიულ დონეზე ვერ გადადის.

აქ ჩანს იმ მოდელის მექანიკა, რომელშიც საქართველო ქრონიკულად არის ჩაკეტილი: კაპიტალი მიდის იქ, სადაც მოგება სწრაფია, უზრუნველყოფა ხელშესახებია და რისკი ადვილად შეფასებადი. შედეგად, ექსტრაქციული ეკონომიკური მოდელი მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკის შედეგი აღარ არის. მას უკვე კერძო სექტორის სტიმულებიც ამყარებს. სწრაფი, უზრუნველყოფილი და აქტივებზე მიბმული მოგების ლოგიკით.

რა უნდა ვკითხოთ FDI-ის სტატისტიკას

FDI არ უნდა წავიკითხოთ როგორც ერთი ლამაზი ციფრი. მისი რეალური მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ ჩანს, როდესაც ამ სათაურს დავშლით. ფუნდამენტური კითხვა არ არის „რამდენი შემოვიდა?“ მთავარია რა ტიპის ახალი კაპიტალი შემოვიდა? რამდენი ქმნის ახალ საწარმოებს, ტექნოლოგიას, ექსპორტს და მაღალპროდუქტიულ სამუშაო ადგილებს?

შემდეგი კითხვაა სად მიდის ეს კაპიტალი? თუ FDI-ის დიდი ნაწილი ფინანსურ სექტორში, უძრავ ქონებაში, ვაჭრობაში, მშენებლობასა და სწრაფი ბრუნვის სექტორებში კონცენტრირდება, ის ეკონომიკას ზრდის, მაგრამ სუსტად ცვლის მის სტრუქტურას. და ბოლოს, როგორ გადადის ეს ფული ეკონომიკაში? თუ ფინანსურ სექტორში შესული კაპიტალი ძირითადად სამომხმარებლო და იპოთეკურ კრედიტად, იმპორტის დაფინანსებად, მშენებლობად და ქონების ფასების ზრდად გარდაიქმნება, ეკონომიკა მაინც ფართოვდება, მაგრამ მისი პროდუქტიული საფუძველი სუსტად ვითარდება.

ამ კითხვების გარეშე FDI-ის ზრდაზე საუბარი ზედაპირული და არასერიოზულია. ინვესტიცია თავისთავად განვითარებას არ ნიშნავს. განვითარებად ის მხოლოდ მაშინ იქცევა, როდესაც კაპიტალი ქმნის ახალ პროდუქტს, ახალ ცოდნას, ახალ ბაზარს, ახალ ტექნოლოგიას და უფრო მაღალ პროდუქტიულობას.

საქართველოს პრობლემა მხოლოდ მეტი ინვესტიციის საჭიროება არ არის. ქვეყანას გონივრული(smart money) ინვესტიცია სჭირდება. დღევანდელი მოდელი ზრდის ნომინალურ ეკონომიკას, მაგრამ არა მის შინაარსს. ქმნის მოგებას, მაგრამ არა საკმარის პროდუქტიულობას. ზრდის აქტივების ფასს, მაგრამ არა საკმარის კონკურენტუნარიანობას. ქმნის ფინანსურ სტაბილურობას და ამავე დროს ზრდის სტრუქტურულ მოწყვლადობას.

თუ FDI კვლავ დიდწილად რეინვესტირებული მოგებაა და ფინანსური სექტორი ისევ მთავარი მიმღები; თუ საბანკო რესურსი კვლავ ძირითადად მოხმარებაში, იპოთეკაში, მშენებლობაში, ვაჭრობასა და უძრავ ქონებაში წავა, ეკონომიკა შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ქვეყანა ნაკლებად განვითარდება.

ეს არის მთავარი განსხვავება ზრდასა და განვითარებას შორის.

ზრდა შეიძლება მოხდეს ბრუნვით, კრედიტით, აქტივების გაძვირებით და მომსახურებების გაფართოებით. განვითარება კი იწყება მაშინ, როდესაც ეკონომიკა უფრო პროდუქტიული, ტექნოლოგიური, საექსპორტო და კონკურენტუნარიანი ხდება. ამიტომ FDI-ის სტატისტიკა მარტივი კრიტერიუმით უნდა შეფასდეს: შემოიტანა მან მხოლოდ ფული, თუ შეცვალა ეკონომიკის ხარისხი?

სანამ ამ კითხვას ობიექტურად არ დავსვამთ, FDI-ის ყოველი ახალი სათაური დარჩება სადღეგრძელოდ, რეალური ეკონომიკური გარდაქმნის გარეშე.

წყაროები ფაქტების გადამოწმებისთვის

Geostat, Foreign Direct Investments in Georgia, 2025. FDI-ის მოცულობა, 2022–2025 წლების დინამიკა, კომპონენტები, რეინვესტირებული მოგება და სექტორული განაწილება.
https://www.geostat.ge/media/77485/FDI-in-2025.pdf

Geostat, Gross Domestic Product (GDP), 2025 ნომინალური მშპ მიმდინარე ფასებში, მათ შორის 2025 წლის $38.1 მლრდ მაჩვენებელი.
https://www.geostat.ge/en/modules/categories/23/gross-domestic-product-gdp

Geostat, Foreign Direct Investments in Georgia, Q1 2026, FDI $271.2 მლნ https://www.geostat.ge/media/79831/Foreign-Direct-Investments—Q1-2026.pdf

Geostat, Foreign Direct Investments in Georgia, 2024, Adjusted Data 2024 წლის დაზუსტებული FDI
https://www.geostat.ge/en/single-archive/3436

National Bank of Georgia, Loans Statistics კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი, ფიზიკური და იურიდიული პირების დაკრედიტება.
https://nbg.gov.ge/en/page/loans

National Bank of Georgia, Current Macroeconomic Review, საბანკო სექტორის, საკრედიტო ზრდისა და მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა.
საკრედიტო ზრდის დინამიკა

World Bank, Georgia Overview, მაკროეკონომიკური კონტექსტი, FDI-ის მშპ-სთან შეფარდება და საბანკო სექტორის ზოგადი შეფასებები.
https://www.worldbank.org/en/country/georgia/overview

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები