საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულია 880 მცურავი საშუალება. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-მ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან გამოითხოვა.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 30 ივლისის მდგომარეობით ტექნიკური ინსპექტირება გავლილი აქვს 633 მცურავ საშუალებას. რაც შეეხება გასულ წელს, უწყების ცნობით, 2024 წლის განმავლობაში ტექნიკური ინსპექტირება გაიარა 832 მცურავმა საშუალებამ.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ კვალიფიციური ინსპექტორების მიერ მისი დროშის ქვეშ მცურავი გემის პერიოდული შემოწმებით უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
საქართველო თითქმის ყველა საერთაშორისო საზღვაო კონვენციის წევრია. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი უზრუნველყოფს საქართველოს დროშით მცურავი გემების შესაბამისობას საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებთან, რომლებიც მოიცავს საზღვაო უშიშროებასა და უსაფრთხოებას, საზღვაო გარემოს დაცვას და გემზე არსებულ სოციალურ, საცხოვრებელ და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.




























