მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ინგლისის სრუტეში დაკავებულ ტანკერზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნას ეხმაურება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ინგლისის სრუტეში ნავთობტანკერ SMYRTOS-თან დაკავშირებით განხორციელებულ სამართალდამცავ ღონისძიებებზე.

ბრიტანეთის მიერ დაკავებულ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერზე საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ

უწყების ცნობით, გემზე ეკიპაჟის 24 წევრიდან საქართველოს 3 მოქალაქეა, თუმცა ისინი ქართული საკრუინგო კომპანიების გვერდის ავლით იყვნენ დასაქმებულები. სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მკაცრად აკონტროლებს საერთაშორისო სანქციების შესრულებას.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ინგლისის სრუტეში ნავთობტანკერ SMYRTOS (IMO 9389100)-თან დაკავშირებით განხორციელებული სამართალდამცავი ღონისძიებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე გემზე იმყოფება ეკიპაჟის 24 წევრი, რომელთაგანაც სამი საქართველოს მოქალაქეა.

ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით ყველა მეზღვაური უსაფრთხოდაა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და სააგენტოს მარეგულირებელი აქტები საკრუინგო კომპანიებს ავალდებულებს განახორციელონ მკაცრი სანქციური შემოწმება და კრძალავს მეზღვაურთა დასაქმებას იმ გემებზე ან გემთმფლობელებთან, რომლებიც ექვემდებარებიან გაეროს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ან გაერთიანებული სამეფოს სანქციებს.

სააგენტომ გადაამოწმა საქართველოში მოქმედი და აღიარებული საკრუინგო და მეზღვაურთა დასაქმების კომპანიების მონაცემები. ჩატარებული შემოწმების შედეგად, აღნიშნული გემი არ იდენტიფიცირდა არცერთი აღიარებული ქართული საკრუინგო კომპანიის დასაქმების, რეკრუტირების ან მეზღვაურთა განთავსების ჩანაწერებში.

შესაბამისად მათი დასაქმება არ განხორციელებულა საქართველოს საზღვაო სააგენტოს მიერ აღიარების მქონე კომპანიების მიერ.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს აღიარებული საკრუინგო კომპანიების მონიტორინგს და უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის აღიარების შეჩერება ან გაუქმება, სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

სააგენტო აგრძელებს თანამშრომლობას გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებებთან და ყურადღებით აკვირდება მიმდინარე გამოძიების შედეგებს.

ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების უსაფრთხოება, მათი შრომითი უფლებების დაცვა და საერთაშორისო სანქციების რეჟიმებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ერთგულებას საერთაშორისო სანქციების შესრულების, პასუხისმგებლიანი საზღვაო მმართველობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები