მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის მიერ დაკავებულ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერზე საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ - მედია

ტანკერი

დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა და ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ ლა-მანშის სრუტეში რუსული ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი Smyrtos დააკავეს. დიდი ბრიტანეთის ეროვნული კრიმინალური სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულ გემზე, რომელიც დორსეტის სანაპიროსთან არის ღუზაჩაშვებული, ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფება, რომლებიც საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები არიან.

სპეცოპერაციის ფარგლებში, სანქციების დარღვევის ეჭვით, უკვე დაკავებულია ინდოეთის ერთი მოქალაქე, რომელიც გამომძიებლებმა დაკითხვის მიზნით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. რაც შეეხება ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ისინი მედიის ცნობით, ამ დროისთვის ტანკერის ბორტზე რჩებიან.

მოსკოვს მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა წარსულში მსგავს ქმედებებს უკანონოს და „საერთაშორისო მეკობრეობასთან მიახლოებულს“ უწოდებდა.

გემების გადაადგილების მონიტორინგის პლატფორმა MarineTraffic-ის მიხედვით, ტანკერი კამერუნის დროშის ქვეშ დაცურავს. BBC Verify-ის ინფორმაციით, მან გეზი 5 ივნისს რუსეთის უსტ-ლუგას პორტიდან (სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე ნავთობის ტერმინალი) აიღო, შაბათს კი ლა-მანშის სრუტეში შევიდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გემს სანქციები ჯერ კიდევ 2025 წლის ივლისში დაუწესდა, რის შემდეგაც მან სახელი შეიმცირა (Myrtos-იდან Smyrtos-ზე გადაიკეთა) და ორჯერ შეიცვალა დროშა, რომლის ქვეშაც დაცურავდა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოპერაცია საერთაშორისო წყლებში (სანაპიროდან 12 საზღვაო მილის დაშორებით) ჩატარდა და სრულად შეესაბამებოდა როგორც შიდასახელმწიფოებრივ, ისე საერთაშორისო სამართალს. ხელში ჩაგდების ოპერაცია კვირების განმავლობაში იგეგმებოდა და ფრანგულ მხარესთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები