მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის სამხედრო ფლოტმა ინდოეთის ოკეანეში რუსეთთან დაკავშირებული ტანკერი დააკავა

ჩრდილოვანი ფლოტი

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ინდოეთის ოკეანეში რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული ნავთობტანკერი დააკავეს.

ფრანგი სამხედრო ინსპექტორები ხომალდ DF Peak-ზე ხომალდის წარმომავლობის გადამოწმების მიზნით ავიდნენ, რადგან ეკიპაჟის მიერ გაცხადებული რეგისტრაციის მონაცემები ეჭვებს იწვევდა. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, სპეცოპერაცია რეიუნიონის კუნძულის სამხრეთით, დაახლოებით 450 საზღვაო მილის დაშორებით განხორციელდა.

პრეზიდენტმა მაკრონმა განმარტა, რომ ხომალდს ყალბი დროშით ცურვასა და საწვავის უკანონო გადაზიდვას ედავებიან. შეიარაღებული ძალების მინისტრ კატრინ ვოტრინის განცხადებით კი, დამატებითი შემოწმების ჩასატარებლად ტანკერს რეიუნიონის კუნძულზე გადაიყვანენ.

აღსანიშნავია, რომ ხომალდი DF Peak-ი აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ უკვე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ეს გემი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ რიგით მეექვსე ხომალდია.

ცნობისთვის, DF Peak-ი სამხრეთ კორეაში 2006 წელს ააგეს, მოგვიანებით კი ის რუსული სახელმწიფო კომპანია Sovcomflot-ის ფლოტში სახელწოდებებით NS Captain-ი და Kaliningrad-ი ოპერირებდა. ხომალდმა რუსეთის დროშა 2025 წლის ივნისში ბენინის დროშით ჩაანაცვლა და სწორედ ასე ცდილობდა კონტროლისაგან თავის არიდებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები