„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2022-2023 წლებში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტომ 9 ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი 44 040 ჰექტარი საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთები. ამ პერიოდში იჯარით გაიცა 14 225 ჰექტარი საძოვარი - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
პროგრამის ფარგლებში, უკვე გამოქვეყნდა მეათე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები, რომლის თანახმადაც 2023-24 წლებში, ქვეყნის მასშტაბით, იჯარით 12 827 ჰა ფართობის საძოვრები გაიცემა.
“გამოქვეყნებულია: სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 171 ერთეული საძოვრის მონაცემები საერთო ფართობით 12 827 ჰა.
მათ შორის, ასპინძა - 3, ახალციხე - 1, ნინოწმინდა - 25, ბორჯომი - 11, დმანისი - 29, წალკა - 2, მარნეული - 5, დედოფლისწყარო - 21, საგარეჯო - 3, თელავი - 3, სიღნაღი - 6, ყვარელი - 5, ახმეტა - 4, გურჯაანი - 3, ლაგოდეხი - 5, მცხეთა - 1, ყაზბეგი - 2, დუშეთი - 1, თიანეთი - 1, გორი - 4, კასპი - 1, ქარელი - 2, წყალტუბო - 13, ბაღდათი - 1, ვანი - 6, ზესტაფონი -1, ჭიათურა - 2, სენაკი -2, წალენჯიხა -1, ხობი - 2, ონი - 2, ლანჩხუთი - 3” - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ.