მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი იქნება 2023-2024 წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა და პროგრამული დაფინანსება? - მთავრობის დადგენილება

64b8376da1522
ალა ისპირიანი
19.07.23 23:45
1858
საქართველოს მთავრობამ, 2023-2024 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა.

იგი, მიმდინარე წლის 18 ივლისით თარიღდება და შემდეგ საკითხებს განსაზღვრავს:

1. 2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულებების დაფინანსების მოცულობა 12 723 750 ლარით განისაზღვრა.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 12 600 000 ლარით განისაზღვრა.

3. სრული და ნაწილობრივი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტები ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა 9 155 000 ლარის ფარგლებში.

4. 2023-2024 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა 2 250 ლარით განისაზღვრა.

5. თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში.

6. 2023-2024 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) სრული ოდენობის 70 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 575 ლარისა;

ბ) სრული ოდენობის 50 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 125 ლარისა.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა ნაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ საგნებზე:  მათემატიკა; ბიოლოგია;  ქიმია; ფიზიკა; ზოგადი უნარები; ისტორია; გეოგრაფია; ლიტერატურა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;  სამოქალაქო განათლება.

8. ამ მუხლის მე-2 – მე-7 პუნქტებით დადგენილი წესი არ გამოიყენება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზური ენისა და ოსური ენის ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისას, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. ამ სტუდენტთათვის 2023-2024 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა შეადგენს 2 250 ლარს.

9. თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზური ენისა და ოსური ენის ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულმა სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.

10. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეადგენს 2 520 000 ლარს.

11. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება შეადგენს 240 000 ლარს, რომელიც გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.

12. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 225 000 ლარს.

13. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 225 000 ლარს.

14. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს.

15. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს.

ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას, მოპოვებული ქულების მიხედვით, დაფინანსდებიან 215 000 ლარის ფარგლებში, შემდეგი ოდენობებით:

ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 70 000 ლარი;

ბ) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 70 პროცენტი – 70 000 ლარი;

გ) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 50 პროცენტი – 75 000 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები