სუპერ ლიგის საფეხბურთო პროექტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებულად და მკვდარ პროექტად მიიჩნეოდა, ახლახან ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ მწვანე შუქი აუნთო. პროექტის მესვეურები კი ავრცელებენ ცნობას, რომ მომავალი 3 სეზონის განმავლობაში ევროპელი და ამერიკელი ინვესტორებისგან 15 მილიარდ ევროს მიიღებენ.
მოცემული თანხიდან ერთი სეზონისთვის გამოყოფილი 5 მილიარდი ევრო იქნება, საიდანაც 400 მილიონი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება, რომელიც პატარა კლუბების განვითარებაზეა ორიენტირებული. ამ დროს კი უეფა იმავე მიზნისთვის ორჯერ ნაკლებს 200 მილიონ ევროს ხარჯავს.
ამ ეტაპზე სუპერ ლიგის პროექტში მხოლოდ “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” არიან გაწევრიანებულები, რომლებიც ტურნირის დაწყების შემთხვევაში ერთგულების ბონუსად თითო-თითო მილიარდ დოლარს მიიღებენ. ამავდროულად ისინი შექმნიან სტრიმინგ პლატფორმა Unify-ის, რომელზედაც სუპერ ლიგის მატჩების ხილვა უფასოდ იქნება შესაძლებელი.
სუპერ ლიგის შემქმნელი კომპანიის A22 Sports-ის მიხედვით, ტურნირი ღია იქნება და მონაწილე კლუბები სპორტული დამსახურებით შეირჩევიან. კაცთა გათამაშება 64-გუნდიანი იქნება, ქალთა - 32-გუნდიანი. სუპერ ლიგაში სამი დივიზიონი იქნება - Star, Gold და Blue. დივიზიონებს შორის აღზევება/დაქვეითება იმოქმედებს და Star-სა და Gold-ში 16-16 კლუბი იასპარეზებს, Blue-ს, რომელშიც გუნდები ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით მოხვდებიან, 32 მონაწილე ეყოლება.