2025 იანვრიდან წლის 1 ივნისამდე საქართველოში 206 ისრაელური კომპანია დარეგისტრირდა, რომელთაგან ყველა ხვდება კატეგორიაში „საქმიანობა უცნობია“ - ამის შესახებ BM.GE-მ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა.
სრულად 2024 წელს კი, ისრაელიდან კომპანიების რეგისტრაციების რაოდენობა 569-ს შეადგენდა. მათგან 445 სწორედ იმავე კატეგორიაში იყო გაერთიანებული.
| საქმიანობის დასახელება | 2024 | 2025 |
|---|---|---|
| დამმუშავებელი მრეწველობა | 3 | 0 |
| მშენებლობა | 2 | 0 |
| ვაჭრობა და ავტომობილები | 5 | 0 |
| ტრანსპორტი და დასაწყობება | 1 | 0 |
| განთავსება და კვება | 10 | 0 |
| ინფორმაცია და კომუნიკაცია | 44 | 0 |
| საფინანსო და სადაზღვევო | 1 | 0 |
| უძრავი ქონება | 6 | 0 |
| პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური | 14 | 0 |
| ადმინისტრაციული და დამხმარე | 5 | 0 |
| განათლება | 6 | 0 |
| ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება | 1 | 0 |
| ხელოვნება, გართობა და დასვენება | 5 | 0 |
| სხვა სახის მომსახურება | 1 | 0 |
| საქმიანობა უცნობია | 445 | 206 |
| ჯამი | 569 | 206 |
ისრაელური ბიზნესი საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებით ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან დაინტერესდა. იმ დროისთვის პირდაპირი ინვესტიციები მცირე იყო, თუმცა წლების განმავლობაში გაიზარდა. ისრაელიდან რეკორდული რაოდენობის ინვესტიცია საქართველოში 2015 წელს შემოვიდა, რაც $37.6 მილიონს შეადგენდა. 2022 წელს კი ინვესტიციის მოცულობა $35.6 მილიონი იყო. 2023 წელს პირდაპირი ისრაელური ინვესტიციის მოცულობა $24.4 მილიონამდე შემცირდა, 2024 წელს კი $37 მილიონამდე გაიზარდა. 2025 წლის პირველ კვარტალში ისრაელიდან შემოსულმა FDI-მ $12.9 მილიონი შეადგინა, რაც აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის $699.8 ათასს. ამ მაჩვენებლით წელს ისრაელი საქართველოსთვის მე-9 უმსხვილესი ინვესტორის ქვეყანაა.
შეგახსენებთ, გასულ თვეს გახდა ცნობილი, რომ ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა ჰოლდინგმა Tempo Beverages-მა "ზედაზენის" 60%-იანი წილი შეიძინა. გარიგების ღირებულება 57 მილიონ დოლარს შეადგენს.




























