მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი ლობისტური კონტრაქტი არის გაფორმებული საქართველოდან აშშ-ში - ჩამონათვალი

კონგრესი

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს საგარეო ლობისტური საქმიანობის რეგულირების სააგენტოს FARA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, აშშ-ში სულ ოთხი ლობისტური კონტრაქტი არის საქართველოდან მოქმედი. მათ შორის უახლესია კონტრაქტი, რომელიც ექსპრემიერ ნიკა გილაურის მიერ დაფუძნებულმა საკონულსტაციო კომპანია Reformatics-მა აშშ-ში გააფორმა - ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს უცხოური აგენტების ლობისტური საქმიანობის რეგულირების სააგენტოს FARA ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი. აღნიშნული კონტრაქტის ღირებულება 600,000 დოლარს შეადგენს და ის ლობისტურ კომპანია Continental Strategy-ისთან გაფორმდა. გარდა ამისა, აშშ-ში მოქმედია საქართველოს მთავრობის, ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს და ფიზიკური პირი დავით ბაღაშვილის ლობისტური ხელშეკრულებები ამერიკულ საკონსულტაციო/ლობისტურ კომპანიებთან.

ამ კონტრაქტების ჩამონათვალი და ღირებულება ასეთია:

  1. საქართველოს მთავრობის კონტრაქტი კომპანია Chartwell Strategy Group-თან, ღირებულება თვეში 40,000 დოლარი, წლიური საფასური 480,000 დოლარი;
  2. Reformatics-ის კონტრაქტი კომპანია Continental Strategy-ისთან, ღირებულება თვეში 100,000 დოლარი, მთლიანი ღირებულება 600,000 დოლარი;
  3. ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს კონტრაქტი კომპანია Mercure-თან, მთლიანი ღირებულება 40,000 დოლარი;
  4. ფიზიკური პირის დავით ბაღაშვილის კონტრაქტი კომპანია Daschle Group-თან, მთლიანი ღირებულება 15,000 დოლარი.

ამ კონტრაქტების დეტალური აღწერა:

მთავრობის ლობისტური კონტრაქტი Chartwell Strategy Group-თან:

კომპანია Chartwell Strategy Group-თან პირველი ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა და ის ყოველწლიურად ხანგრძლივდება. თავდაპირველი ხელშეკრულებით Chartwell Strategy Group-ის სერვისის ყოველთვიური საფასური $65,000 დოლარი იყო, შემდგომში კი ის თვეში 40,000 დოლარამდე შემცირდა, რასაც საქართველოს მთავრობა უკვე რამდენიმე წელია ყოველთვიურად იხდის.

აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდის თანახმად, საქართველოს მთავრობა კომპანიას ქირაობს, რათა მიიღოს დახმარება აშშ-საქართველოს ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოებისთვის.

"რეგისტრანტი იმუშავებს, რათა გააძლიეროს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გზით, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას აშშ-ის კონგრესსა და ადმინისტრაციასთან იმგვარი კომუნიკაციის დამყარებაში, რაც საქართველოსადმი მხარდაჭერას ზრდის. რეგისტრანტი ამასთანავე იმუშავებს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოში უფრო მეტი FDI-ის მოზიდვას ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რეგისტრანტი ამერიკულ და გლობალურ მედიას მიაწვდის ინფორმაციას საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ", - ნათქვამია ხელშეკრულებაში.

Reformatics-ის კონტრაქტი Continental Strategy-სთან

ამ კონტრაქტის ფარგლებში, Continental Strategy-ის მთავარი მიზანი იქნება საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. კომპანიას დაევალა, დაამყაროს და განამტკიცოს ურთიერთობები აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოს საკვანძო პირებთან, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკის ფორმირებას და ორი ქვეყნის ინტერესების შესაბამისობას.

კონტრაქტის მიხედვით, Continental Strategy-ის წარმომადგენლები უშუალოდ ჩაერთვებიან აშშ-ის მთავრობის შესაბამის უწყებებსა და დეპარტამენტებში მიმდინარე პროცესებში. ასევე, ისინი აქტიურად ითანამშრომლებენ კონგრესის იმ კომიტეტებთან, რომელთაც აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებზე პირდაპირი გავლენა აქვთ.

ლობირება მოხდება შემდეგი მიმართულებით:

  1. აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება;
  2. დემოკრატიის, ანტიკორუფციული ინიციატივებისა და მმართველობითი რეფორმების მხარდაჭერა;

კომპანია ასევე იმუშავებს მედიასა და ღია წყაროებზე დაფუძნებულ კვლევებზე, რათა უზრუნველყოს ლობისტური და ადვოკატირების პროცესების გამყარება შესაბამისი მონაცემებითა და ფაქტებით. მისი ამოცანაა, ამერიკულ ხელისუფლებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და გააძლიეროს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მხარდაჭერა ვაშინგტონში.

ამ ექვსთვიანი კონტრაქტის ფარგლებში, Reformatics ყოველთვიურად 100,000 დოლარს გადაიხდის Continental Strategy-სთვის, რაც ჯამში 600,000 დოლარს შეადგენს.

ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს კონტრაქტი კომპანია Mercure-თან

ხელშეკრულების შესახებ ცნობილი 2025 წლის იანვარში გახდა. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, Mercure-მა უნდა დაამყაროს სტრატეგიული კომუნიკაცია აშშ-ის როგორც არსებულ, ასევე მომავალ ადმინისტრაციასთან. კონტრაქტის თანახმად, კომპანია Mercure-მა მხარი უნდა დაუჭიროს ბიზნესსაბჭოს ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად სტრატეგიული საკომუნიკაციო კონსულტაციებსა და დისკუსიებში.

ხელშეკრულების ღირებულება 40,000 დოლარს შეადგენს.

აშშ საქართველოს ბიზნესსაბჭო 1998 წელს დაფუძნდა და მისი პრეზიდენტის პოსტს მამუკა წერეთელი იკავებს. წერეთელი ასევე "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

დავით ბაღაშვილის კონტრაქტი კომპანია Daschle Group-თან

კონტრაქტის შესახებ ცნობილი 2024 წლის დეკემბერში გახდა. Fara-ს თანახმად, კონტრაქტის მიზანს წარმოადგენს აშშ-ის ლობისტურ ბაზართან გაცნობა და ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დამყარება. ხელშეკრულება კომპანია Daschle Group-თან გაფორმდა.

"ბატონი ბაღაშვილი არის სტრატეგიული და მედიაკონსულტანტი, რომელიც საქართველოში საქმიანობს და მომსახურებას უწევს კერძო ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს. რეგისტრანტი ( გაუწევს კონსულტაციას ბატონ ბაღაშვილს, რათა დაეხმაროს მას მომავალი ადმინისტრაციის პოლიტიკისა გაგებასა და ურთიერთობაში, რათა გაუზიაროს საკუთარი რეკომენდაციები კლიენტებს,"- ნათქვამია ხელშეკრულებაში.

BMG-სთან საუბარში დავით ბაღაშვილი აღნიშნავს, რომ მოკლევადიანი კონტრაქტი მის კომუნიკაციების ბიზნესს დაეხმარება გაეცნოს აშშ-ის საკომუნიკაციო ლანდშაფტს, რათა აღნიშნული სერვისი საკუთარ ბიზნესებს შესთავაზოს. კითხვაზე თუ ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული აღნიშნული მომსახურებით დავით ბაღაშვილი პასუხობს, რომ ამით სხვადასხვა ბიზნესები შეიძლება იყვნენ დაინტერესებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები