რუსულმა დრონებმა კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანაზე მიიტანეს იერიში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„დღეს რუსებმა კოკა-კოლას ქარხანას დრონებით დაარტყეს. კოკა-კოლა ხომ ისეთი მტერია, შაჰიდებით უნდა წაუკიდო ცეცხლი... ეს რუსეთის მხრიდან ამერიკისთვის გაგზავნილი აშკარა სიგნალია. შეუძლებელია რუსებს არ სცოდნოდათ, რომ ეს ამერიკული ობიექტია“, - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში.
უკრაინაში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ენდი ჰანდერმა განაცხადა, რომ იერიშის შედეგად ქარხნის თანამშრომლები არ დაშავებულან. „კომპანია შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობს სიტუაციის შესაფასებლად“, - განაცხადა ჰანდერმა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი საბიგამაც. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი განზრახ თავდასხმაა ამერიკულ ბიზნეს ინტერესებზე.
"ეს რუსეთის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის ეკონომიკის დაზიანებას და ამერიკული კომპანიების საერთაშორისო ბაზრებიდან განდევნას.
მხოლოდ ძალა დასვამს მოსკოვს თავის ადგილზე. ამ თვალსაზრისით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, მიიღოს რუსეთისთვის სანქციების შესახებ კანონი", - დაწერა საბიგამ პლატფორმა X-ზე.




























