მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი დოლარი დაუჯდება GOGC-ს გარდაბანში მესამე თბოსადგურის აშენება

5f87ef2dabcaa
შოთა ტყეშელაშვილი
15.10.20 23:00
1753
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გარდაბანში 272 მეგავატის სიმძლავრის ახალი თბოსადგურის მშენებლობას გეგმავს. პროექტის განხორციელება სახელმწიფო კომპანიას 2019 წლის სექტემბერში, მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილების საფუძველზე დაევალა. ამ დროისთვის სახელმწიფო კომპანია თბოსადგურის მშენებლობის შესყიდვის ღირებულების დასადგენად საერთაშორისო მომწოდებლებისთვის ფასების გამოკვლევას ატარებს. 

ახალი თბოელექტროსადგური კორპორაციის კუთვნილ მიწაზე, უკვე არსებული თბოსადგურების „გარდაბანი 1“ და “გარდაბანი 2“ მიმდებარედ აშენდება. თბოსადგურის ექსპლოატაციაში შესვლა 2023 წელს იგეგმება.

“გარდაბანი 1”-ის 230-მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობა კორპორაციამ 2013 წელს დაიწყო და ის 2015 წელს გაიხსნა. პროექტი თურქულმა კომპანიამ ÇALIK ENERJİ-მ ააშენა და მისი საინვესტიციო ღირებულება $230 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

“გარდაბნის თბოსადგური 2 “-ის სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო, მასში კორპორაციამ $180 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. სადგური 2019 წელს აშენდა, 2020 წლის მარტში კი სემეკ-მა მასში ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. პროექტში ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური კონტრაქტორი ჩინური კომპანია China Tianchen Engineering Corporation (TCC) იყო.

“გარდაბანი 1”-ის და “გარდაბანი 2”-ის მარგი ქმედების კოეფიციენტი 56%-ს შეადგენს. ახალი თბოსადგურის მშენებლობის განაცხადიდან ირკვევა, რომ კორპორაცია გეგმავს მესამე თბოსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი მინიმუმ 55%-ზე იყოს დაგეგმილი.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს კომპანიის შემოსავალი 37%-ით გაიზარდა და მან 880.6 მილიონ ლარს მიაღწია. კორპორაციის წმინდა მოგება გასულ წელს 22.8%-ით შემცირდა და 121.4 მილიონი ლარი შეადგინა. მოგების შემცირების მიუხედავად, GOGC-ი 2019 წელს მაინც ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სახელმწიფო საწარმო იყო.

კორპორაციის აქტივების მთლიანი მოცულობა 1.88 მილიარდ ლარს შეადგენს. GOGC-ის აქტივებს შორისაა მაგისტრალური გაზსადენები, ასევე კომბინირებული ციკლის თბოსადგურები. კორპორაცია შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს ბუნებრივი აირის რეალიზებით იღებს, შემოსავლის მეორე მთავარი წყარო კი ელექტროენერგიის რეალიზაციაა. თავად GOGC-ი ბუნებრივ აირს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემოსავლები 2019 წლის მდგომარეობით ცალკეული მიმართულებების მიხედვით ასე ნაწილდება:

● ბუნებრივი აირის რეალიზაცია - 576 მილიონი ლარი;
● ელექტროენერგიის მიწოდება - 225 მილიონი ლარი;
● ნედლი ნავთობით ვაჭრობა - 15 მილიონი ლარი;
● მილსადენის გაქირავების შემოსავალი (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო სუფსას მილსადენები) - 43 მილიონი ლარი;
● ნავთობის ტრანსპორტირების საკომისიო შემოსავალი (ბაქო-სუფსა) - 21 მილიონი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები