ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სუბსიდირებული კონცერტების პროგრამას სრულად “ბლექ სი არენა ჯორჯია” წარმართავს და ამისთვის შესაბამისი ანაზღაურება კომპანიამ ჯერ კიდევ 2022 წელს მიიღო 73.2 მილიონი ლარის (27 მილიონი დოლარის) ოდენობით.
“2022 წელს შპს ბლექ სი არენა ჯორჯიამ მიიღო 73,2 მლნ ლარი 2023-2024 წლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების მიზნით. აღნიშნული თანხა მოიცავს, როგორც არტისტების ჰონორარებს, ასევე ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს,”- ნათქვამია 2024 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზში.
ცნობისთვის, 2023 წელს სახელმწიფომ დააფინანსა The Killers-ის, Imagine Dragons-ისა და ბრუნო მარსის კონცერტები. თუმცა, ამავე კონცერტებზე ათიათასობით ბილეთი გაიყიდა, რომლიდანაც “ბლექ სი არენამ” მილიონობით ლარის შემოსავალი მიიღო. ჯერჯერობით უცნობია ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი პროექტის მთლიანი ხარჯების ანაზღაურებას მოხმარდა თუ სახელმწიფო კომპანია კონცერტებს, როგორც კომერციულ პროექტს, ისე ატარებდა და ბილეთების გაყიდვით გარკვეული ფინანსური მოგების მიღებას ელოდა. შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებები “ბლექ სი არენა ჯორჯიას” მიერ ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. ასევე უცნობია რა კონცერტები იგეგმება 2024 წელს, რომელიც ამავდროულად საარჩევნო წელიცაა.
რაც შეეხება თავად არტისტების სავარაუდო ჰონორარებს, ცნობილია, რომ ბრუნო მარსის ჰონორარი კონცერტზე საშუალოდ 2.9-3.5 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს.