მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარი დაუჯდა მთავრობას ანაკლიის დავაში იურისტების დაქირავება - თანხა ცნობილია

white & Case

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 4-წლიან საარბიტრაჟო დავაში გაიმარჯვა - გადაწყვეტილების შესახებ დღეს განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და თავად ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა. მინისტრის თქმით, არბიტრაჟმა დაადგინა, რომ სახელმწიფოს არ მიუძღოდა როლი იმაში, რომ კონსორციუმმა პროექტის განხორციელება ვერ შეძლო, რისთვისაც მათთან საინვესტიციო შეთანხმება გაუქმდა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა კი საკუთარ განცხადებაში მიუთითა, რომ არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება "გულდასაწყვეტია".

საარბიტრაჟო დავა 2020 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმება მოშალა. აღნიშნული დავის საგანს $1.5 მილიარდი დოლარი შეადგენდა. დავაში საქართველოს მთავრობის ინტერესებს საერთაშორისო იურიდიული ფირმა White & Case-ი იცავდა, ხოლო მომჩივნების მხარეს საერთაშორისო იურიდიული ფირმა Baker & Mackenzie წარმოადგენდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, მთავრობამ White & Case-თან ხელშეკრულება გააფორმა 2020 წელს, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულება 70 მილიონ ლარს შეადგენდა.

შესყიდვების სააგენტოს თანახმად, არსებული მდგომარეობით დავის მომსახურებისთვის სულ 69,988,642 ლარი არის გადახდილი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ძირითადი საარბიტრაჟო დავის პარალელურად, 2020 წელს დარეგისტრირდა კონსორციუმის ერთ-ერთი ინვესტორის ბობ მეიერის ინდივიდუალური სარჩელი სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის თაობაზე. აღნიშნულ დავაზე საარბიტრაჟო წარმოება ამ დრომდე გრძელდება. მის ფარგლებშიც სახელმწიფოს ინტერესებს White & Case-ი იცავს, რისთვისაც ანაზღაურებას ძირითადი 70-მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში იღებს.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის ინტერესებს უმეტეს საარბიტრაჟო საქმეებში სწორედ White & Case-ი იცავს და 2020 წლიდან დღემდე კომპანიისთვის გადახდილი თანხა 143 მილიონ ლარს შეადგენს.

White & Case-ი გლობალური იურიდიული კომპანიაა, რომლის გუნდიც 2,600 ადვოკატისგან შედგება. კომპანიის წლიური შემოსავალი 2.8 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები