მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი მილიონი ლარი ჯდება სახელმწიფო ნომრების მომსახურება?

61696b3034c20
შოთა ტყეშელაშვილი
15.10.21 15:53
1105
კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის თანახმად, 290 ათასამდე მობილურის ნომერს ქვეყანაში სახელმწიფო ნომრის სტატუსი აქვს.

უწყების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ამ ნომრების მომსახურების საფასურმა 2021 წლის პირველ და მეორე კვარტალში, ჯამში, 18.1 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2021 წლის ივლისში კი მათი მომსახურების საფასური დამატებით 3.5 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში საჯარო სექტორის სატელეფონო საუბრები 21.6 მილიონი ლარი დაჯდა.

ამავე პერიოდში, მთლიანად მობილური ოპერატორების ჯამური შემოსავალი 307 მილიონი ლარი იყო. მათ შორის ფიზიკური პირების მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები - 228.6 მილიონი ლარი, ხოლო იურიდიული პირების (კორპორატიული სექტორის) მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 78.1 მილიონი ლარი იყო, საიდანაც სახელმწიფო ნომრების მომსახურების შემოსავალი 21.6 მლნ ლარი იყო.

ივლისის მდგომარეობით, სახელმწიფო ნომრების საშუალო ყოველთვიური დანახარჯი 12.03 ლარია. ამასთან, გაზრდილია ყოველთვიური დანახარჯის მოცულობა, რადგანაც ის წინა წელს 11.33 ლარს შეადგენდა.

სახელმწიფო ნომრების საშუალო ყოველთვიური დანახარჯები აღემატება ფიზიკური პირების ყოველთვიურ დანახარჯებს, რაც ნომერზე 9.90 ლარს შეადგენს. გამავალი წუთების რაოდენობა სახელმწიფო ნომრებისთვის ივლისში 281 წუთი იყო, რაც ფიზიკური პირების მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ნომრები თვეში საშუალოდ 8.4 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები