დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ თავად კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შეხვდა და უთხრა, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს, "რადგან 11 წელი ბევრია". გიორგი კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა დაფინანსებას პარლამენტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან იღებს. მთლიანად პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება 86.6 მილიონი ლარია, საიდანაც ეროვნული ბიბლიოთეკა 12.8 მილიონი ლარით ფინანსდება. ბიუჯეტის მიხედვით, ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 837 ათასი ლარით მეტია. დოკუმენტის თანახმად, ეროვნულ ბიბლიოთეკაში 445 დასაქმებულია, რომელთა სახელფასო ხარჯიც 8.7 მილიონი ლარია, ამასთან ბიბლიოთეკაში სახელფასო მატება 2024 წელს 861 ათას ლარს შეადგენს
"პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება - გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და მერე გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.
P.S. და ისიც ვიცი, რომ ახლა იქნება სამდღიანი წუხილი და სამდღიანი დაგეგმილი ლანძღვა - მერე რა, რომ უმიზეზო. და მერე ყველაფერი იქნება ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად. და ეს ასეც უნდა იყოს", - წერს კეკელიძე.