Evolution Georgia, რომელიც აზარტული თამაშების შვედური კომპანია Evolution Gaming-ის შვილობილია 2023 წლის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 29 მილიონი ლარით, 201 მილიონ ლარამდე გაიზარდა, კომპანიის წმინდა მოგება კი 2 მილიონი ლარით, 14 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, Evolution Gaming-ს ყველაზე მეტი, 6.8 ათასი დასაქმებული საქართველოში ჰყავს. უკვე მეორე თვეა კომპანიის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და გაფიცვას მართავენ, რის გამოც ორშაბათს კომპანიამ განაცხადა, რომ არსებული მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში საქართველოში საქმიანობის შეზღუდვას არ გამორიცხავენ.
2023 წელს Evolution Gaming-ის მთლიანი შემოსავალი 1.8 მილიარდ ევროს შეადგენდა, მისი წმინდა მოგება კი 1 მილიარდ ევროს აღემატებოდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის უშუალოდ ქართულმა შვილობილმა, "ევოლუშენ ჯორჯიამ" თანამშრომელთა ხელფასებზე გასულ წელს 133.7 მილიონი ლარი დახარჯა, რაც ერთ დასაქმებულზე წლიურად საშუალოდ 19,595 ლარს, თვეში 1633 ლარს ნიშნავს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის 20%-ის გარეშე საშუალო ხელფასი 1,306 ლარია. შესაბამისად, გასულ წელს კომპანიაში გაცემული საშუალო ყოველთვიური ხელფასი 1,300 ლარს შეადგენდა.
Evolution-ი აზარტული თამაშების ონლაინ კომპანიებს ონლაინ კაზინოს სერვისს სთავაზობს, რაც გულისხმობს მათ ვებგვერდებზე ლაივკაზინოს ტექნიკურ უზრუნველყოფას და ადამიანური კაპიტალით უზრუნველყოფას. კომპანიას აქვს სტუდიები, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა კაზინოსთვის მრავალენოვანი კაზინოს სერვისის მიწოდება ხდება. შესაბამისად, Evolution-ი აზარტული თამაშების სექტორში ოპერირებს, მაგრამ თავად ის კაზინოს არ წარმოადგენს.
ქვეყნების მიხედვით, Evolution-ის დასაქმებულთა რიცხვი ასე ნაწილდება:
საქართველო - 6,823 დასაქმებული;
ლატვია - 3,151 დასაქმებული;
აშშ - 2,662 დასაქმებული;
მალტა - 1,391 დასაქმებული;
რუმინეთი - 850 დასაქმებული;
კანადა - 591 დასაქმებული;
ესპანეთი - 578 დასაქმებული;
სომხეთი - 442 დასაქმებული;
ბულგარეთი - 211 დასაქმებული;
შვედეთი - 173 დასაქმებული;
პოლონეთი - 119 დასაქმებული;
ტაივანი - 63 დასაქმებული.