მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს "თეგეტა მოტორსს"

5f4f6655607e9
შოთა ტყეშელაშვილი
02.09.20 14:47
2061
“თეგეტა მოტორსი” და მისი ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი კომპანიები საქართველოს ავტოიმპორტისა და საავატომობილო სერვისის ბაზარზე წამყვან ადგილს იკავებენ. “თეგეტამ” 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ჯგუფის ჯამური შემოსავალი 630 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. კომპანიის წმინდა მოგებამ კი, გასული წლის განმავლობაში 10 მილიონი ლარი შეადგინა.

2018 წელთან შედარებით "თეგეტას" კონსოლიდირებული შემოსავლები 47.5%-ით არის გაზრდილი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - 80-მილიონიანი (177%-იანი) ზრდა მძიმე ავტომობილების და მათი მომსახურებების სეგმენტში დაფიქსირდა.

ცალკეული სეგმენტების მიხედვით, “თეგეტას” კონსოლიდირებული შემოსავალი ასე ნაწილდება:

● მსუბუქი ავტომობილები და შესაბამისი მომსახურებები - 193.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 27.9%;
● მძიმე ავტომობილები და შესაბამისი მომსახურებები - 125.4 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 177%;
● ავტო პროდუქტები და შესაბამისი მომსახურებები - 316.9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 34.6%.

"თეგეტას" უმსხვილესი შვილობილი კომპანიებია “თეგეტა თრაქ ენდ ბასი” და “ტოიოტა ცენტრი თეგეტა.” ამასთან, 2019 წელს ჯგუფი საქართველოში Volvo-ს ოფიციალური დილერი გახდა და “სკანდინავიან ავტო თეგეტა” დააფუძნა.

რაც შეეხება ძირითად ხარჯებს, ჯგუფის ძირითადი ხარჯები უშუალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება იყო, რაც 512 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, კომპანიის საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები 46 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 25.7 მილიონი ლარი ჯგუფში დასაქმებული ადამიანების ხელფასები, 3.8 მილიონი ლარი ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფმა 2019 წელს 79.9 მილიონი ლარის სესხები მიიღო, მათ შორისაა 30.4 მილიონი ლარის შემოსავალი ობლიგაციების გამოშვებიდან. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო.

რაც შეეხება ფინანსურ ხარჯებს, მათი მოცულობა 2019 წელს 24.5 მილიონ ლარი იყო.

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, “თეგეტა მოტორსის” კონსოლიდირებული აქტივების მოცულობა 331.6 მილიონ ლარია.

“კომპანია ფლობს 26 რეგიონალურ საცალო ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტს მთელს საქართველოში და ერთ ადმინისტრაციულ ოფისს თბილისში.

კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე 2019 წლის და 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თემურ კოხოძეა,”- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები