მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Wendy's საქართველოში

Wendy's ვენდისი

ამერიკული სწრაფი კვების ქსელ Wendy's საქართველოში "ვ-ჯეო რესტორნები" წარმოადგენს, რომელიც დღეისთვის ქვეყანაში 18 რესტორნით ოპერირებს. კომპანია ბიზნესმენების სოსო და ლევან ფხაკაძის ჯგუფის შემადგენლობაშია, რომელიც საქართველოში ასევე წარმოადგენს Dunkin Donuts-სა და Subway-ის რესტორნების ქსელებს.

კომპანია "ვ-ჯეო რესტორნები" საკუთარ ფინანსურ შედეგებს საჯაროდ აქვეყნებს. ამჟამად კომპანიის მიერ Reportal.ge-ზე წარდგენილია 2023 წლის ფინანსური ანგარიშგება. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2024 წელს სწრაფი კვების ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნულს არ მოიცავს ის ანგარიში რომელიც ამჟამად არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. ამასთან, საგულისხმოა გარემოება რომ 2024 წელს Wendy's-მა რესტორნების რიცხვიც გაზარდა, ანგარიშგების პერიოდი კი 17 რესტორნის მიერ მიღებულ შედეგებს ასახავს.

დოკუმენტის თანახმად პერიოდის განმავლობაში Wendy's-მა, ანუ "ვ-ჯეო რესტორნებმა" 2023 წელს 35 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიის მარაგის ხარჯი 16.7 მილიონ ლარს შეადგენდა, სახელფასო ხარჯი 7.2 მილიონ ლარს, საიჯარო ხარჯი 3.1 მილიონს, ცვეთა 1.6 მილიონ ლარს, როიალტი 1.4 მილიონი ლარი, სხვა ხარჯები კი 5 მილიონს.

კომპანიის საფინანსო ხარჯები 1.5 მილიონი ლარი იყო, საკურსო სხვაობით მიღებული ზარალი კი 300 ათასი ლარი. შესაბამისად მთლიანობაში კომპანიის ფინანსური ხარჯები 1.8 მილიონ ლარს შეადგენდა. შედეგად წლის განმავლობაში კომპანიამ 1.9 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2022 წლის ბოლოს "ვენჯორჯიამ", Wendy's-ის ბიზნესი გადასცა კომპანია "ვ-ჯეო რესტორნებს", რომელიც იმავე ბიზნესჯგუფის საკუთრებაში მყოფი კომპანიაა, რომელშიც "ვენჯორჯია" ოპერირებს.

2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნებული აქვს ამავე ჯგუფის შემადგენლობაში არსებულ Dunkin Donuts-ის ქსელსაც (შპს „დან ჯორჯია“), რომელმაც 2023 წელს 47 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიას აღნიშნულ წელს 5 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.

რაც შეეხება Wendy's-ის სხვა კონკურენტებს ბაზრის უმსხვილესი მოთამაშის "მაკდონალდს საქართველოს" შემოსავალი 2023 წელს 21.6%-ით გაიზარდა და მან 242 მილიონი ლარი შეადგინა. მისი წმინდა მოგება კი 30.2 მილიონი ლარი იყო.

საქართველოში KFC-ის რესტორნების ქსელის შემოსავალმა კი 2023 წელს 68 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 22.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კომპანიის წმინდა მოგება აღნიშნულ წელს 3.2 მილიონი ლარის ტოლი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები