ფინანსთა სამინისტრომ არმატურის იმპორტზე ახალი გადასახადი დააწესა. ერთი ტონის იმპორტზე მოსაკრებელი 420 ლარით განისაზღვრება. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, გადასახადი 25 იანვრიდან 1 სექტემბრამდე იმოქმედებს.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება 2024 წელს არმატურის იმპორტის მკვეთრ ზრდას მოჰყვა. გასული წლის 11 თვეში იმპორტი 67%-ით, 351,671 ტონამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა $200 მილიონი დოლარი იყო. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს არმატურის ნახევარი რუსეთიდან შემოვიდა, ირანიდან იმპორტი კი $80 მილიონ დოლარს შეადგენდა.
კონკურენციის სააგენტო 2024 წლიდან არმატურის ბაზარზე სავარაუდო დემპინგის არსებობის საკითხს სწავლობს. ორგანიზაციას მოკვლევისთვის ერთწლიანი ვადა აქვს, თუმცა სავარაუდოდ საქართველოს მთავრობამ ამ ვადის დასრულებამდე გადაწყვიტა ზომების მიღება და იმპორტული არმატურისთვის საგადასახადო ბარიერი დააწესა, რაც სავარაუდოდ, ადგილობრივი წარმოების დაცვისკენ არის მიმართული.
იმპორტის მოსაკრებელი 25 იანვრიდან 1 სექტემბრამდე იმოქმედებს, შესაბამისად ის 7 თვის განმავლობაში იქნება ძალაში.
2024 წელს არმატურის იმპორტის საშუალო ფასი ტონაზე 570 დოლარს შეადგენდა, შესაბამისად მასზე 420 ლარის ($148 დოლარის) გადასახადის დაწესება მის ფასს ტონაზე 718 დოლარამდე გაზრდის. თუკი 2025 წელსაც იმპორტი გაზრდილი სახით შენარჩუნდა, 25 იანვრიდან 1 სექტემბრის მონაკვეთში იმპორტი დაახლოებით 127 მილიონი დოლარის (224 ათასი ტონის) ფარგლებში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში იმპორტის მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 94 მილიონი ლარი შევა.
თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ იმპორტის 420-ლარიანი გადასახადი სწორედ იმპორტის შემცირებისკენ არის მიმართული, სავარაუდოდ, 2025 წელს საქართველოში არმატურის იმპორტი შემცირდება.
საქართველოში არმატურის ორი ძირითადი მწარმოებელი რუსთავის ფოლადი და კომპანია "ჯეოსთილია". "რუსთავის ფოლადის" 2023 წლის გაყიდვები ცნობილი არაა, თუმცა "ჯეოსთილის" ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 281 მილიონ ლარს შეადგენდა, კომპანიის ძირითად საქმიანობას სწორედ არმატურის დამზადება წარმოადგენს. ხოლო "რუსთავის ფოლადის" შემოსავლები არმატურის რეალიზაციიდან 2022 წელს 282 მილიონ ლარს შეადგენდა (2023 წლის შედეგები კომპანიას გასაჯაროებული არ აქვს).




























