მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “დარიალი ჰესს”?

დარიალი ჰესი

“დარიალი ჰესი” ბოლო 10 წლის განმავლობაში გახსნილი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია. ის მდინარე თერგზე მდებარეობს და 108 მეგავატის გამომუშავება შეუძლია.

პროექტი ქართულმა ენერგოკომპანია “ფერიმ” განახორციელა, ხოლო 2020 წელს მისი 31.88%-იანი წილი იაპონურმა კორპორაცია TEPCO-მ შეიძინა.

კომპანიამ 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ სადგურმა გასულ წელს 74.5 მილიონი ლარი გამოიმუშავა, ხოლო წმინდა მოგებამ 49.5 მილიონი ლარი შეადგინა.

ანგარიშის თანახმად, ჰესის აქტივების ცვეთამ 7.3 მილიონი ლარი; მიწის და ქონების გადასახადმა - 2.2 მილიონი ლარი; ხელფასებმა - 3.7 მილიონი ლარი, სხვა საოპერაციო ხარჯებმა კი 6.7 მილიონი ლარი შეადგინა.

ამასთან კომპანიას გააჩნდა 3.3 მილიონი ლარის ფინანსური ხარჯები. ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, “დარიალი ჰესის” წმინდა მოგებამ 2021 წელს 49.3 მილიონი ლარი შეადგინა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჰიდროელექტროსადგურს ესკოსთან გააჩნია ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება (PPA), რომლის ტარიფიც გასულ წელს გაიზარდა.

“კომპანიასა და სახელმწიფოს შორის 2011 წლის 19 მაისს გაფორმებულ მემორანდუმში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად 2021 წლის ზაფხულიდან შეიცვალა ელექტროენერგიის საზაფხულო ტარიფი, რომელიც 5 აშშ ცენტის ნაცვლად გახდა 5.7 აშშ ცენტი,” - ნათქვამია ანგარიშში.

ჰიდროელექტროსადგურის დაფინანსება EBRD-ის მიერ 2014 წელს გამოყოფილი $80-მილიონიანი 10-წლიანი სესხით მოხდა.

"კომპანიის ფინანსური ვალდებულებებია სესხის მომსახურება, ქონების გადასახადი და სხვა. 2014 წლის 12 აგვისტოს კომპანიამ გააფორმა სასესხო ხელშეკრულება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (შემდგომში „EBRD“), რომლის საფუძველზე კომპანიამ მიიღო 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 10-წლიანი სესხი. 2024 წელს კომპანიის მიერ სესხის ხელშეკრულების მომსახურების ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 3,324,000 ლარი, ხოლო 2023 წლის ანალოგიური ხარჯი იყო 4,843,000 ლარი,"- ნათქვამია ფინანსურ ანგარიშში.

2024 წლის ბოლოსთვის ჰესის აქტივები 246 მილიონ ლარს, ხოლო ვალდებულებები 42 მილიონ ლარს შეადგენდა.

კომპანიის აქციონერთა სია ასე ნაწილდება: შპს „ენერგია“ - 44.27%; TEPCO Renewable power Singapore PTE - 31.38%; Lock W. Home Irrevocable Trust - 24.35%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები