მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარდაბნის თბოსადგურს მთავრობის ნაცვლად კერძო ინვესტორი ააშენებს - კონკურსი გამოცხადდება

647467ded8aae
შოთა ტყეშელაშვილი
29.05.23 13:01
1483
გარდაბანში ახალი თბოსადგური აშენდება, რომელსაც 350-დან 430 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრე ექნება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ახალ თბოსადგურს სახელმწიფოს ნაცვლად კერძო ინვესტორი ააშენებს, რისთვისაც მთავრობა სპეციალურ კონკურსს გამოაცხადებს და მისი მეშვეობით სახელმწიფო კომპანია GOGC-ის საკუთრებაში არსებულ კომპანია “გარდაბნის თბოსადგურ 3”-ს გაყიდის. ეს კომპანია მთავრობამ რამდენიმე წლის წინ ახალი თბოსადგურის ასაშენებლად დააფუძნა, კონტრაქტორის შესარჩევად კი სპეციალური ტენდერიც იყო გამოცხადებული, თუმცა პროექტი აღნიშნული სახით აღარ განვითარდა და ამჟამად მთავრობა კონტრაქტორის ნაცვლად ინვესტორს ეძებს თბოსადგურის ასაშენებლად.

“გარდაბანში მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობისთვის განვსაზღვრეთ პირობები და იქნება კონკურსი, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა კერძო ინვესტორი, რომელიც შეიძენს სახელმწიფოს კუთვნილ 100%-იან წილს გარდაბნის თბოსადგურ 3-ში. ეს იქნება 350-დან 430 მეგავატამდე სიმძლავრის სადგური, ამ სადგურის წმინდა ეფექტურობა უნდა იყოს არანაკლებ 56%-ისა და ასევე სხვა პარამეტრები, მათ შორის მწარმოებელი კომპანიების მიმართ უნდა იყოს განსაზღვრული. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს თბოსადგურის მშენებლობა. არაუმეტეს 4 წელიწადში უნდა მოხდეს სადგურის მშენებლობის დასრულება,”- ამბობს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

BMG-ის კითხვაზე პასუხისას ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ინვესტორის შერჩევა გამჭვირვალე პირობებით მოხდება. “მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავატაროთ ახალი ტენდერი, გამჭვირვალე პირობებით აირჩევა ახალი ინვესტორი,”- ამბობს ლევან დავითაშვილი.

ახალი თბოელექტროსადგური კორპორაციის კუთვნილ მიწაზე, უკვე არსებული თბოსადგურების „გარდაბანი 1“ და “გარდაბანი 2“-ის მიმდებარედ აშენდება.

გარდაბნის თბოსადგური 3-ის ასაშენებლად ტენდერი პირველად 2020 წელს გამოცხადდა. მაშინ 272-მეგავატიანი სადგურის მშენებლობისთვის საუკეთესო პრეტედენტად თურქული “ჩალიკ ენერჯი” დასახელდა, რომელიც პროექტს $174.8 მილიონ დოლარად ააშენებდა. თუმცა, 2021 წლის გაზაფხულზე, კორპორაციამ განაცხადა, რომ “ჩალიკ ენერჯისთან" კონტრაქტი აღარ გაფორმდებოდა. პროექტის განვითარება 2023 წლამდე შეჩერებული იყო, ახლა კი გაირკვა, რომ 272-დან 350-მდე გაიზარდა პროექტის საპროექტო სიმძლავრე, ამასთანავე შეიცვალა მისი დაფინანსების სტრუქტურაც, თუკი აქამდე მასში თანხა GOGC-ის უნდა ჩაედო, ახლა პროექტის განვითარება კერძო ინვესტორის ჯიბიდან უნდა მოხდეს. 

გარდაბანი 1-ის თბოსადგური მთავრობის დაკვეთით "ჩალიკ ენერჯიმ" ააშენა, "გარდაბანი 2"-ის თბოსადგური კი China Tianchen Engineering Corporation (TCC)-იმ ააშენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები