არაერთხელ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, თბოსადგური გარდაბანი3-ის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება - ამის შესახებ bm.ge-სთან ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა.
ვაჟა ხიდაშელის თქმით, პროექტის ჯამური ინვესტიციის სავარაუდო თანხა $200 მლნ-ს შეადგენს და პროექტი არა საშუალო, არამედ უახლოეს ვადებში განხორციელდა.
"ჩვენთვის რუტინულია მაგისტრალური გაზსადენის სამუშაოები, რასაც მუდმივად ვახორციელებთ. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ და გვინდა განვახორციელოთ მსხვილი პროექტი, მესამე ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგური. გარდა ამისა, კორპორაციამ აქტიურად დაიწყო მწვანე ენერგიის სფეროში მოღვაწეობა.
გაფორმებული გვაქვს საქართველოს მთავრობასთან რამდენიმე მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მცირე ჰიდროელექტროსადგურების, მზის ელექტროსადგურების და მწვანე წყალბადის წარმოების პროექტების განვითარებას.
ზუსტ რიცხვს ვერ მოგახსენებთ, რამდენია პროექტების საერთო ბიუჯეტი. რაც შეეხება გარდაბანი3-ს, ის წელს ფიზიკურად ვერ დაიწყება. ჯერ, უნდა ჩატარდეს წინარე მოსამზადებელი სამუშაოები. თუმცა წინარე გამოცდილებებით, ჯამური ინვესტიცია შეიძლება დაახლოებით $200 მლნ-ს უდრიდეს. ეს გამოცდილებაზე დაყრდნობით, თუმცა უფრო ზუსტი ციფრები მუშაობის შედეგად გამოჩნდება", - განაცხადა ხიდაშელმა.
თითქმის 11-თვიანი პროცესის მიუხედავად, "ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" ინვესტორის მოძიება ბოლოს გასულ თვეში ვერ შეძლო, შესაბამისად, თბოსადგურ გარდაბანი 3-ის ტენდერი 15 მაისს ჩაიშალა. იქამდე, იანვარში bm.ge-ს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უთხრა, რომ პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური დიალოგი ჰქონდათ.
მიუხედავად ამისა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თბოელექტროსადგურის ასაშენებლად ტენდერები არ ჩაშლილა და პროცესმა კორპორაციას გამოცდილება დაუგროვა.
" ვერ გეტყვით რომ ტენდერი ჩაიშალა. დიდი ინტერესი გამოიწვია და ბევრი კითხვები შემოდიოდა. წინარე პროცესში გამოვლინდა საკითხები, რომელზეც დამატებით ვმუშაობთ და უკვე პროცესში დაგროვებული გამოცდილებით განვაგრძობთ მუშაობას. ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი პროექტია და საშუალო არა, უახლოეს პერსპექტივაში განსახორციელებელი პროექტია", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, დამატებით ინფორმაციას, ზუსტად როდის გამოცხადდება ტენდერი კორპორაცია გაავრცელებს.
გარდაბნის თბოსადგური 3-ის ასაშენებლად ტენდერი პირველად 2020 წელს გამოცხადდა. მაშინ 272-მეგავატიანი სადგურის მშენებლობისთვის საუკეთესო პრეტენდენტად თურქული “ჩალიკ ენერჯი” დასახელდა, რომელიც პროექტს $174.8 მილიონ დოლარად ააშენებდა. თუმცა, 2021 წლის გაზაფხულზე, კორპორაციამ განაცხადა, რომ “ჩალიკ ენერჯისთან" კონტრაქტი აღარ გაფორმდებოდა.
ამჟამად, „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გარდაბანში 2 კომბინირებული ციკლის თბოსადგურს ფლობს.