მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს გარე რეკლამების ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელ “ალმას”?

ალმა

სარეკლამო სააგენტო “ალმა ჯგუფმა” 2022 წლის საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა. კომპანია საქართველოში გარე რეკლამების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია და მომხმარებლებს ათასობით საბანერო სივრცეს სთავაზობს. 

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ჯგუფის შემოსავალი სარეკლამო მომსახურების გაწევიდან 15 მილიონი ლარით, 44.1 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ამასთან, ჯგუფმა გასულ წელს 17.7 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. 

“კომპანია ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და 2002 წლიდან ფლობს სტამბას. დღეს კომპანიის მფლობელობაში არსებული ბილბორდები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია განთავსებული. კომპანია ფლობს შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების 20 წლიანი ექსკლუზიური უფლებას, შპს ბათუმის ავტოტრანსპორტის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე რეკლამის განთავსების 30 წლიანი ექსკლუზიურ უფლებას და ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ 15-წლიან ნებართვას,”- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში. 

მმართველობითი ანგარიშის მიხედვით, “ალმას” მფლობელია მალტაში რეგისტრირებული კომპანია Meridian Malta, რომლის დამფუძნებელი პარტნიორები ბიზნესმენები ლევან და სოსო ფხაკაძეები არიან. 

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “ალმა ჯგუფის” აქტივების მთლიანი ღირებულება 301 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის მიმდინარე და გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებების ღირებულება კი 143 მილიონი ლარია.