მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს ივანე ჩხარტიშვილის თამბაქოს ბიზნესს?

6329b195be4d8
შოთა ტყეშელაშვილი
20.09.22 17:05
4408
ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის ჰოლდინგი “სმარტ კაპიტალ ჯგუფი” საქართველოში თამბაქოს წარმოებისა და დისტრიბუციის კომპანიებს - “თბილისის თამბაქოსა” და “გეოდისტრიბუციას” ფლობს.

ორივე კომპანიამ 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება უკვე გამოაქვეყნა. “თბილისის თამბაქოს” ანგარიშის თანახმად, კომპანიამ გასულ წელს 45.6 მილიონი ლარის საქონელი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11 მილიონი ლარით მეტი იყო. დოკუმენტის თანახმად, “თბილისის თამბაქოს” გასულ წელს 20 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტი იყო.

“გაცილებით უფრო დიდი - 167-მილიონიანი შემოსავალი ჰქონდა “გეოდისტრიბუციას”, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა თამბაქოს ნაწარმის დისტრიბუციითა და რეალიზაციით არის დაკავებული. კომპანიამ 2021 წელს 9 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

“თბილისის თამბაქოს” შესახებ:

“კომპანია დაკავებულია საერთაშორისო კომპანიებისგან ნედლი თამბაქოს პროდუქციის შეძენით და შპს „გეოდისტრიბუციასა“ და უცხოური კლიენტებისთვის თამბაქოს პროდუქტის ნაწარმის მიყიდვით. 2021 და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიას 100%-ით ფლობდა შპს „სმარტ კაპიტალ ფროდაქშენი“.

2021 და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის საბოლოო აქციონერები იყვნენ: ივანე ჩხარტიშვილი - 51%, მიხეილ ჩხარტიშვილი - 24.5% და ნათია ჩხარტიშვილი - 24.5%,”- ნათქვამია დოკუმენტში.

“გეოდისტრიბუციის” შესახებ:

“კომპანია საქმიანობს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა კლიენტზე თამბაქოს პროდუქტების დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის მთავარი მომწოდებელია სს „თბილისი თამბაქო“, შპს „სმარტ კაპიტალ ფროდაქშენის“ ერთობლივ კონტროლქვეშ არსებული პირი. მარაგების 96%-ის შესყიდვა ხდება ამ კონტრაგენტისგან.

კომპანიის ბრენდებია:

• პირველი;
• პირველი ინტერ;
• პირველი პრემიუმ ბლუ;

სიგარეტის გარდა, გეოდისტრიბუცია ე.წ. გასახვევი თამბაქოთიც ვაჭრობს.

ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის “სმარტ კაპიტალ ჯგუფი” თამბაქოს ბიზნესის გარდა, დაკავებულია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ოპერირებით, ნავთობპროდუქტებით ვაჭრობით, ღვინის წარმოებითა და სასტუმროს ოპერირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები