მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “კრისტალბეთს”?

634d006f36d27
BM.GE
17.10.22 23:55
1459
საქართველოში მოქმედ უმსხვილეს კომპანიებს, მათ შორის აზარტული თამაშების ოპერატორებს ყოველწლიურად თავიანთი ფინანსური მაჩვენებლების გასაჯაროების ვალდებულება აქვთ. 2021 წლის აუდიტირებული ანგარიში წარადგინა შპს მარსმაც, რომელიც ბაზარზე “კრისტალბეთის” ბრენდით ოპერირებს.

დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს “კრისტალბეთის” შემოსავალმა ₾453.5 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით ₾90 მილიონით მეტია. კომპანიის შემოსავალი წარმოადგენს მიღებულ ფსონებსა და მოგების სახით გაცემულ თანხას შორის სხვაობას, შესაბამისად უშუალოდ მოთამაშეების მიერ კრისტალბეთის სისტემაში შეტანილი თანხები გაცილებით უფრო დიდი იყო, ხოლო 453.5 მილიონი მიღებულ თანხებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობაა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგებაც. თუკი 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგება ₾177 მილიონი იყო, 2021-ში ის ₾196 მილიონამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით, “კრისტალბეთი” ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანიაა.

კონკრეტული წყაროების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდება:

• შემოსავალი ონლაინ კაზინოდან - 350.7 მილიონი ლარი;
• შემოსავალი ტოტალიზატორიდან - 80.3 მილიონი ლარი;
• შემოსავალი peer to peer თამაშებიდან - 9.4 მილიონი ლარი;
• სხვა შემოსავალი - 13.1 მილიონი ლარი.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “კრისტალბეთმა” 2021 წელს ₾17 მილიონის ხელფასები გასცა, ხოლო სხვა საოპერაციო ხარჯებზე 210.6 მილიონი ლარი დახარჯა, რაშიც 70 მილიონი ლარი თამაშების მიმწოდებლების ხარჯი იყო.

“კრისტალბეთის” მესაკუთრეს შპს “ენთეინ ჯორჯია” წარმოადგენს, რომელიც თავისმხრივ ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიის ENTAIN-ის შვილობილია. თავად ENTAIN-ი მსოფლიოში აზარტული თამაშების ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომლის საკუთრებაშიც შედის ისეთი ბრენდები, როგორიცაა Bwin-ი და Coral-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები