ყაზახეთის ერთ-ერთმა წამყვანმა ტექნოლოგიურმა ბანკმა Kaspi.kz-მა, რომელსაც ქართველი მიხეილ ლომთაძე ხელმძღვანელობს, 2023 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ამ პერიოდში, კომპანიის წმინდა მოგება $844.5 მილიონამდე გაიზარდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 46%-იან მატებას ნიშნავს.
წმინდა მოგების მაჩვენებლის ზრდის ფონზე, კომპანიამ ერთბაშად 5%-ით, 30%-მდე გაზარდა მთლიანი წლის წმინდა მოგების ზრდის მაჩვენებელი. Kaspi.kz-ი დივიდენდური კომპანიაა, ასე რომ ამ თანხის განაწილებას ის აქციონერებზე გეგმავს. მიხეილ ლომთაძის მიერ შემოთავაზებული თანხა აქციაზე 750 ტენგეს, ანუ $1.70-ს უდრის, მაგრამ ეს მაჩვენებელი ჯერ აქციონერთა კრებამ უნდა დაამტკიცოს, რომლის სხდომა 23 აგვისტოს ჩაინიშნა.
კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც Kaspi.kz-ის ფინანსური ანგარიშიდან გამოიკვეთა და რომელსაც ასევე სჭირდება აქციონერთა კრების თანხმობა - საფონდო ბირჟაზე დალისტული აქციების გამოსყიდვა, ანუ ე.წ. “buy back”-ია. ამ შემთხვევაში, Kaspi.kz-ი $100 მილიონის აქციების გამოსყიდვას გეგმავს. ამ გადაწყვეტილებას კომპანიები იმ შემთხვევაში მიმართავენ, როცა სჯერათ, რომ მომავალში, ანუ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანიის აქციის ღირებულება მკვეთრად გაიზრდება. ამასთან, აქციების გამოსყიდვას აქციების ღირებულებაზე მკვეთრი დადებითი მოკლევადიანი გავლენაც აქვს, რადგან აქციების რაოდენობა იკლებს, მოთხოვნა კი იგივე რჩება ან იმატებს.
Kaspi.kz-ი საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2020 წლის ოქტომბრიდან ივაჭრება. თავის დროზე, კომპანიის ერთი აქცია $43-ის ფარგლებში ღირდა. საფონდო ბირჟაზე დალისტვიდან ზუსტად ერთ წელიწადში, კომპანიის აქციების ღირებულებამ მაქსიმალურ ნიშნულს - აქციაზე $145-ს მიაღწია, მაგრამ მოგვიანებით, ყაზახეთში არსებული პოლიტიკური გადატრიალებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ფასი მკვეთრად შემცირდა.
შეგახსენებთ, გასული ერთი წლის განმავლობაში Kaspi.kz-ის ბირჟაზე მკვეთრი აღმასვლის დინამიკა აქვს. თუ ერთი წლის წინ კომპანიის ერთი აქცია $46-ად ივაჭრებოდა, დღეს მისი ფასი $85-ს აჭარბებს, რაც ზრდის 87%-იანი მაჩვენებელია. ამასთან, ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა კასპის საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც დღეს თითქმის $19 მილიარდის ტოლია. ამ მაჩვენებლით Kaspi.kz-ი რიგით 940-ე კომპანიაა მსოფლიოში.