ფოთის პორტის ნავმისადგომების ოპერატორმა, "Pace ჯგუფმა" 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. კომპანია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური ჯგუფია, რომელიც 25 წელზე მეტია საქმიანობს. კომპანიამ 2022 წელს "ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ გახსნა, რომლის მშენებლობაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო DFC-იმ $120-მილიონიანი ინვესტიციით დააფინანსა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, “პეის ჯორჯიამ” 2022 წელს საკუთარი შემოსავალი 21%-ით, 140.5 მილიონ ლარამდე გაზარდა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს კომპანიის წმინდა მოგება 34.3 მილიონ ლარს შეადგენდა.
"პეის ჯგუფის" უმსხვილეს პროექტს სწორედ ახალი ტერმინალი წარმოადგენს, რომელიც 195,000 კვადრატული მეტრის ფართობზე მდებარეობს.
2022 წელს კომპანიის შემოსავალი კომპონენტების მიხედვით, ასე ნაწილდებოდა:
- ფორვარდირება, ტვირთების შენახვის, ჩატვირთვა გადმოტვირთვის მომსახურება - 136 მილიონი ლარი;
- გემების სააგენტოს მომსახურება - 1.7 მილიონი ლარი;
- შემოსავლები საპორტო ოპერაციებიდან - 2.7 მილიონი ლარი.
"პეის ჯგუფისთვის" მთავარი დანახარჯები ლოგისტიკური მომსახურების საფასური იყო, მათ შორის კომპანიამ სარკინიგზო სერვისში 43.2 მილიონი ლარი გადაიხადა, საქონლის ჩატვირთვა გადმოტვირთვაში - 60.3 მილიონი, პორტის მომსახურებაში - 2.8 მილიონი ლარი. ამასთან, კომპანიას გააჩნდა 6.6 მილიონი ლარის ადმინისტრაციული ხარჯები.
თავად "Pace ჯგუფს" ნავმისადგომები ფოთის პორტის ძირითადი ოპერატირისგან, APM Terminals-ისგან გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებით აქვს აღებული.
კომპანიის აქტივები 282 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის ძირითადი პარტნიორები აირან - ირაკლი კერვალიშვილი (38%); ლაურა ლარიონი (38%); თეიმურაზ კერვალიშვილი (10%) და ირაკლი თათეიშვილი (10%).