სკუტერების ოპერატორი “სქროლი” თბილისისა და ბათუმის გიგ-ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. კომპანია ასობით ელექტროსკუტერის ყოველდღიური გაქირავებით არის დაკავებული და მოქალაქეებს გადაადგილების მოქნილ შესაძლებლობას აძლევს.
კომპანია “სქროლმა” 2022 წლის საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სკუტერების გაქირავებიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი 4.2 მილიონი ლარი იყო, რაც 2021 წელთან შედარებით ნახევარი მილიონი ლარით ნაკლები იყო. თუმცა შემცირდა კომპანიის ზარალი. თუკი 2021 წელს "სქროლმა" 2.5 მილიონი ლარის ზარალი განიცადა, 2022-ში კომპანიის ზარალი 1.3 მილიონი ლარი იყო.
“სქროლი” 2020 წელს დაფუძნდა და მას იურიდიულად შპს “მერკური” ეწოდება. კომპანიის დამფუძნებელია ბიზნესმენი თემურ უგულავა, ხოლო აქციონერების შემადგენლობაში ასევე არიან ნინი ნებიერიძე; ვალერი ჩეხერია და არჩილ კახიძე.
"სქროლით" სარგებლობის ტარიფები თბილისში ასე ნაწილდება:
- განბლოკვა – 1 ₾
- ყოველი წუთი – 0,45 ₾
- (მინიმუმ 3 ₾)
ბათუმის ტარიფები კი ასე ნაწილდება:
- განბლოკვა – 1 ₾
- ყოველი წუთი – 0,55 ₾
- (მინიმუმ 3 ₾)
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის ხარჯებს შორის #1 ადგილზე ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯია 4.4 მილიონის ოდენობით, მეორე ადგილზეა მიწოდების დანახარჯები 1.9 მილიონი ლარით. რაც შეეხება აქტივების ზომას, ის 2022 წლის ბოლოსთვის 15.3 მილიონ ლარს შეადგენდა.
სქროლი კომპანია Bird-ის აპლიკაციის საფუძველზე მუშაობს.