მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი ჰქონდა ივანიშვილის სასტუმრო Paragraph-ს პანდემიამდე?

6022a307451b6
შოთა ტყეშელაშვილი
09.02.21 19:40
1799

საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ტურიზმის განვითარების ფონდის” მიერ შეკვეთილში, შავი ზღვის სანაპიროზე აშენებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Paragraph-ი, ოფიციალურად 2018 წლის აპრილში გაიხსნა.

220-ნომრიანი სასტუმრო Marriott-ის ფრენჩაიზის მაღალი საფასო კატეგორიის ბრენდს - Autograph Collection-ს მიეკუთვნება.

იურიდიულად, სასტუმროს აქტივები “ბლექ სი რიზორთსი ჯგუფს” ეკუთვნის. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში სასტუმროს მთლიანი შემოსავალი 26,961,000 ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტი იყო. 

ცალკეული კატეგორიების მიხედვით, სასტუმროს შემოსავლები ასე ნაწილდება:

  • ამონაგები სასტუმროს ოთახების გაქირავებიდან - 15,813,000 ლარი, მატება 17%; 
  • ამონაგები საკვების გაყიდვიდან - 6,968,000 ლარი, მატება 22.8%;     
  • ამონაგები სასმელების გაყიდვიდან - 2,804,000 ლარი, მატება 167%;
  • ამონაგები გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრიდან - 1,094,000 ლარი, მატება 30%; 
  • ამონაგები საოპერაციო იჯარიდან - 91,000 ლარი; 
  • ამონაგები სასტუმროს სხვა დეპარტამენტებიდან და სხვა შემოსავლები 55,000 ლარი. 
აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, გაწეული მომსახურების თვითღირებულება შემოსავალზე მეტი იყო, რის გამოც, კომპანიამ 2019 წელს 4,195,000 ლარის ზარალი განიცადა. 

ანგარიშგების მიხედვით, ჯგუფი ყოველწლიურად უხდის ფრანჩიზის მოსაკრებელს Marriott International-ს. საზღაური არის ცვლადი და დამოკიდებულია ოთახების გაქირავებიდან მიღებულ შემოსავლებზე. “2018 წლის განმავლობაში, ხარჯის სახით აღიარებული იყო 1,109,000 ლარი,” - ნათქვამია ანგარიშგებაში.

კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 68,094,000 ლარია.

იურიდიულად, "ბლექ სი რიზორთსის" მფლობელია პანამურ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Frankston International S.A. ჯგუფის ბენეფიციარი მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილია. 2020 წლის დეკემბერში შეიცვალა სასტუმროს შუალედური მესაკუთე და ის "ტურიზმის განვითარების ფონდთან" ერთად "საქველმოქმედო ფონდ ქართუს" გადაეცა, თუმცა ამ საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარი მესაკუთრე კვლავ ბიძინა ივანიშვილია. 

ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აქვს ორი აკვარიუმი, რომლებშიც ოკეანის ეგზოტიკური მტაცებლები ბინადრობენ, ასევე ზღვაში შეჭრილი 115-მეტრიანი აუზი და ზამთრის დახურული ბაღი ეგზოტიკური მცენარეებით, კაფეები, ბარები და 7 თემატური რესტორანი. 

"სასტუმროს აქვს საბავშვო კლუბი, გიგანტური ტოპოგანი, ჩოგბურთის მოედანი, სპორტული მოედნები და კინო თეატრი. სასტუმრო აერთიანებს საინტერესო თანამედროვე დიზაინს, უნიკალურ და ექსტავაგანტულ თვისებებს და უმაღლესი სტანდარდების შესაბამის მომსახურებას", - ნათქვამია ჯგუფის მმართველობით ანგარიშგებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები