სუს-ის ინფორმაციით, მიმალვაშია ბიზნესმენი და ვანში საკრებულოს წევრი ბიჭიკო პაიკიძე, რომლის კომპანიამაც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გაფორმებულ 46.6 მილიონი ლარის კონტრაქტებიდან 4.1 მილიონი ლარი უკანონოდ მიითვისა. კონტრაქტები ძირითადად მდინარეთა ნაპირდაცვას და გამაგრებას შეეხება. საქმეზე სულ 5 პირი დააკავეს, მათ შორის "ბიპი ტრანსის" დირექტორი ვალერიანე კვარაცხელიაც.
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ბიპი ტრანსი 2012 წელს არის დაფუძნებული, კომპანიამ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა და მათი მოგება 2019 წლიდან დაიწყო. უკანასკნელი ტენდერი კომპანიამ მიმდინარე წლის თებერვალში მოიგო და ის ვანის რაიონში მდინარე რიონის ნაპირაღდგენით სამუშაოებს ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში კომპანიას 13.6 მილიონი ლარი გადაუხადეს.
გამოძიების თანახმად, უშუალოდ 4.1 მილიონი ლარის მითვისება უკავშირდება ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის და აღდგენის და ნაპირდაცვით სამუშაოებს. კომპანიას ამ კონტრაქტის ფარგლებში ბიუჯეტიდან 22.5 მილიონი ლარი გადაუხადეს. ეს ამ კომპანიასთან გაფორმებული ყველაზე მსხვილი კონტრაქტი იყო.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს ,,B.P. TRANS“ - ის დირექტორი ვ.კ. ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი, ხოლო შპს „B.P. TRANS“ -ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბ.პ.-ს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული, ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100%-ანი წილის მფლობელი ბ.პ, ამავე კომპანიის დირექტორ ვ.კ-ს, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით,“,- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანია პირდაპირი სახელმწიფო კონტრაქტების შესრულების გარდა, სხვა პროექტებში ქვეკონტრაქტორიც იყო. 2022 წელს მისმა შემოსავალმა 46.7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 6 მილიონი ლარი შეადგინა. 2023 წელს კი კომპანიის შემოსავალი 53.8 მილიონი ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 12.9 მილიონი ლარი იყო. კომპანიას 2024 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნებული არ აქვს.




























