მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მლნ დაიხარჯა სასტუმროების სესხების სუბსიდირებაზე - უახლესი სტატისტიკა

5fce0fa11ce60
ვიქტორია მღებრიშვილი
08.12.20 09:45
1241
ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიიდან გამომდინარე შექმნილ გამოწვევებზე საპასუხოდ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ტურიზმის ინდუსტრია იყო პირველი, რომელსაც სხვადასხვა სახის მხარდაჭერის მექანიზმების შეეხო. მათ შორის პიონერები სასტუმროები იყვნენ, რომელთათვისაც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მოქმედი „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ პროგრამა უფრო გაფართოვდა და მთავრობამ გარკვეული კრიტერიუმებით მათი სესხების პროცენტის სუბსიდირება დაიწყო. 

BM.GE-ის მიერ სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 30 აგვისტოს მონაცემებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის 10.7 მლნ ლარი დაიხარჯა და პროგრამის პირველ და მეორე ნაკადში მხოლოდ 907 სასტუმრო იყო ჩართული, რამაც სექტორის წარმომადგენლების უკმაყოფილება და კრიტიკა გამოიწვია. მალევე პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სასტუმრო ბიზნესის დახმარების სუბსიდირების პროგრამაში ჩართვის მსურველი სასტუმროებისთვის III ნაკადიც გამოცხადდა - განაცხადების მიღება 10 სექტემბრიდან - 10 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ სექტორის მხარდაჭერა ამით არ დასრულებულა და მორიგი ანუ IV ნაკადზე განაცხადების მიღება 13 ნოემბერიდან 22 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ვიდრე მეოთხე ნაკადის შედეგებს გავიგებთ, BM.GE დაინტერესდა, 3 ნაკადის მიხედვით, სულ რამდენმა სასტუმრომ ისარგებლა სახელმწიფოს მიერ სესხების პროცენტის თანადაფინანსებით და რა თანხა გამოიყო სასტუმროების მხარდასაჭერად - შესაბამისი კითხვებით სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მივმართეთ.

მათი ინფორმაციით, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, III ნაკადზე სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩართვისთვის სააგენტოში 1 650 სასტუმრო დარეგისტრირდა, საიდანაც მხოლოდ 615 დაფინანსდა. აღნიშნულმა სასტუმროებმა სახელმწიფოსგან 3.6 მლნ ლარის, 1.3 მლნ დოლარის და 1.5 მლნ ევროს დაფინანსება მიიღეს.

„აწარმოე საქართველოს“ ცნობით, პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 70 მლნ ლარს შეადგენს.

ამასთან, სააგენტოს განახლებული ინფორმაციით, I ნაკადზე თანადაფინანსების პროგრამაში 555 სასტუმრო ჩაერთო, II ნაკადზე - 454. ჯამში, პირველი ორ ნაკადზე 1 009 სასტუმრომ სახელმწიფოსგან 4.7 მლნ ლარის, 1.6 მლნ დოლარის და 1.9 მლნ ევრო სესხების თანადაფინანსება მიიღო.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები