სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებში ცვლილებების შეტანას გეგმავს.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა BMG-ის განუცხადა, იგეგმება გადაიხედოს იმ სექტორების ჩამონათვალი, რომელზეც „ბიზნეს უნივერსალის“ კომპონენტის ფარგლებში სესხის პროცენტის სუბსიდირება ვრცელდება.
ამასთან, მიხეილ ხიდურელი არ გამორიცხავს, რომ რიგ შემთხვევაში, ასევე გადაიხედოს სააგენტოს მხრიდან სესხის პროცენტის სუბსიდირების მოცულობაც.
ხიდურელის თქმით, პროგრამის არსებული დიზაინი პოსტპანდემიურ პერიოდში შემუშავდა და ის განახლებას საჭიროებს.
„ვფიქრობთ, პროგრამების განახლებას. ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ მონიტორინგს და ანალიზს, თუ რა ეფექტი აქვს თითოეულ პროგრამას. ძალიან მალე დავიწყებთ ცვლილებების შესახებ მსჯელობას. შესაძლოა, გადავხედოთ სექტორებს, შევხედოთ რომელი სექტორია უფრო მეტად გაჯერებული. ადრე გვქონდა ასეთი შემთხვევები, სექტორებს, რომლებსაც მეტი პოტენციალი გააჩნდათ, თუმცა ნაკლები აქტიურობა, მეტად ვეხმარებოდით. ხოლო იმ სექტორებიდან, რომლებიც გაჯერებული იყო, გამოვედით და ნაკლებად ვეხმარებოდით. ახლა "ბიზნეს უნივერსალის" ფარგლებში 300-ზე მეტი საქმიანობა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ყველა საქმიანობას მოვიცავთ. ეს მოდელი პოსტპანდემიურ პერიოდში შემუშავდა, ამის შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ამიტომ ჩვენ აუცილებლად გადავხედავთ ამ მოდელს. რაც შეეხება სესხის პროცენტის სუბსიდირების საკითხს, ჩვენ ამ საკითხზეც ვიმსჯელებთ. ზოგიერთი მიმართულებით შეიძლება პროცენტის დაფინანსება გაიზარდოს, ზოგან შეიძლება შემცირდეს, ზოგან შეიძლება საერთოდ აღარ იყოს“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 2023 წელს 650-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 900 მილიონ ლარს შეადგენდა. 2024 წელს კი ამ კომპონენტის ფარგლებში 400-ზე მეტი ახალი პროექტის მხარდაჭერაა დაგეგმილი.