მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს უკრაინელმა დრონებმა რუსეთში 2024 წელს?

ნავთობგადამმუშვაბელი

მხოლოდ 2024 წლის დასაწყისიდან, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ათეულობით ნავთობის ბაზასა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას ეს ობიექტები სამიზნედ აქვს გამოცხადებული.

სულ ბოლოს, რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ტამბოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე მოხდა. ობიექტი სოფელ პლატონოვკაშია.

იქამდე, როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში 18 ივნისს უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კი, 24 საათზე დიდხანს გაგრძელდა.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ყოველ ჯერზე, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში".

უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ქარხნებმა ყველაზე მნიშვნელოვანი ზარალი შემდეგი თავდასხმების შედეგად მიიღეს:

  • 2 იანვარს, ქალაქ უხტაში მსხვერპლი მოჰყვა ხანძარს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში;
  • 25 იანვარს, ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონების თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა;
  • 3 თებერვალს ვოლგოროდში დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში;
  • 15 თებერვალს რუსეთის ქალაქ კურსკთან ახლოს ნავთობის საცავში ძლიერი ხანძარი გაჩნდა;
  • 12 მარტს დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდის ქალაქ კსტოვოში მდებარეობს.
  • 13 მარტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარე ნავთობპროდუქტების ქარხანაზე;
  • 13 მარტს დრონებით იერიში იყო რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესი კომპანიის, „როსნეფტის“ კონტროლქვეშაა.
  • 13 მარტს დრონებით შეტევა იყო ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე;
  • 12 აპრილს რუსეთის როსტოვის ოლქში დრონებით შეტევა იყო რაიონზე, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს;
  • 1 მაისს უკრაინულმა დრონებმა ქალაქ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განახორციელეს შეტევა;
  • 6 ივნისს უპილოტო საფრენი აპარატებით კიდევ ერთი შეტევა იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე; 2022 წლის ზაფხულიდან ამ ქარხანაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო. სულ ბოლოს - 2024 წლის მარტსა და აპრილში. მარტში, დრონებით დარტყმის შემდეგ, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა გოლუბევმა განაცხადა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე გაჩერდა „საწარმოს ტექნოლოგიური ობიექტები“;
  • 10 მაისს რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა;
  • 19 მაისს კრასნოდარის მხარეში, სლავიანსკ-კუბანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი დრონი დაეცა;
  • 6 ივნისს დრონებით შეტევა იყო როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ბელგოროდის ოლქში ნავთობსაცავზე;
  • 14 ივნისს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ვორონეჟის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე;
  • 20 ივნისს, დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე.

არაერთმა მედიასაშუალებამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით არაერთხელ დაწერა, რომ მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად დეტალურად გაწერილი სტრატეგიის რეალიზება და უკრაინის ამოცანაა, მოწინააღმდეგეს წაართვას შემოსავალი და რესურსები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ 9 აპრილს შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შესაძლოა, უარყოფითად აისახოს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები