საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულმა საგადახდო ბარათების რაოდენობამ 9 მლნ შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გასაჯაროებული საბარათე ინსტრუმენტების სტატისტიკიდან ირკვევა.
სებ-ის ცნობით, 2024 წლის I კვარტალთან შედარებით, II კვარტალში გამოშვებული ბარათების რაოდენობა გაიზარდა 166 ათასით (2%-ით). აღსანიშნავია, რომ გამოშვებულ ბარათებში საკრედიტო ბარათების წილმა შეადგინა 6%.
ხოლო 2023 წლის II კვარტალთან შედარებით, გამოშვებული საბანკო ბარათების რაოდენობა 10%-ითაა (831 ათასით) გაზრდილი.
ერთ სულ მოსახლეზე გამოშვებული ბარათების რაოდენობამ 2 ბარათი შეადგინა.
რაც შეეხება ბარათების სახეობას, 2024 წლის ივნისში გამოშვებული ბარათების 49% "მასტერქარდი" იყო, 30% - Visa, 14% - Amex, 7% - ადგილობრივი.
საინტერესოა ისიც, რომ 2022 წლიდან გამოშვებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა ივნისის თვეში იკლებს. ასე მაგალითად, 2022 წლის ივნისში გამოშვებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა, 575 913 შეადგინა, მაშინ როცა 2023 წლის ივნისში - 565 898 იყო, 2024 წლის ივნისში კი - 562 350.
რაც შეეხება სადებეტო ბარათებს, მათი რაოდენობა ივნისის თვეში ზრდას აჩვენებდა. კერძოდ, 2022 წლის ივნისში, გამოშვებული სადებეტო ბარათების რაოდენობამ 6 504 406 შეადგინა, 2023 წლის ივნისში - 7 728 194, ხოლო მიმდინარე წლის ივნისში - 8 562 687.