2025 წლის 14 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 75 ქვეყნის მოქალაქისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. სიაშია საქართველო; სომხეთი და აზერბაიჯანიც. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით შეჩერებულია.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეჩერება არასაიმიგრაციო (ტურისტულ; სასწავლო; საქმიანი ვიზიტის და სხვა) ვიზებს არ შეეხება.
სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო ბიუროს სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს აშშ-მა საქართველოს მოქალაქეებზე სულ 1,817 საიმიგრაციო ვიზა გასცა. შედარებისთვის, 2023 წელს საიმიგრაციო ვიზების რიცხვი 1,397 იყო; 2022 წელს 1,958; 2021 წელს კი 652 საიმიგრაციო ვიზა. 2024 წელს გაცემული საიმიგრაციო ვიზებიდან 418 ვიზა გაიცა ისეთ პირზე, რომელიც აშშ-ის მოქალაქის ოჯახის წევრია. დანარჩენი ვიზები კი ძირითადად მწვანე ბარათის გათამაშებაში გამარჯვებულ მოქალაქეებზე გაიცა. 2024 წლის გათამაშებაში საქართველოდან მწვანე ბარათი 3,194-მა მოქალაქემ მოიპოვა, 2025 წლის გათამაშებაში კი მწვანე ბარათი საქართველოს 1,342 მოქალაქემ მიიღო. ამასთან, 2025 წლის 19 დეკემბერს აშშ-მა მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღო, 14 იანვრის გადაწყვეტილებით კი მწვანე ბარათის უკვე არსებულ გამარჯვებულებს, რომლებსაც საიმიგრაციო ვიზა აქამდე არ აუღიათ, მისი აღების პროცესი შეუჩერდათ.
რაც შეეხება არასაიმიგრაციო ვიზებს, მათი გაცემის პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. 2024 წელს საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-მა 10,335 ვიზა გასცა, რაც ბოლო ათწლიან პერიოდში ვიზების ყველაზე დიდი რაოდენობა იყო. 2023 წელს არასაიმიგრაციო ვიზების რიცხვი იყო 9,730; 2022-ში 4,172 ვიზა; 2021 წელს კი 1,381 ვიზა.
უფრო დეტალურად, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული არასაიმიგრაციო ვიზები კატეგორიების მიხედვით ასე ნაწილდება: A 453 ვიზა; B-1 7 ვიზა; B-2 0 ვიზა; B-1,2 - 7,676 ვიზა; C - 4 ვიზა; C-1/D - 887 ვიზა; E - 9 ვიზა; F - 342 ვიზა; G - 162 ვიზა; H - 63 ვიზა; I - 39 ვიზა; J - 560 ვიზა.




























