მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი "საქმიანი ეზოა" საქართველოში და როგორ უნდა ისარგებლონ მოქალაქეებმა სერვისით?

საქმიანი ეზო

წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, 60-მდე „საქმიანი ეზო“ მოეწყობა - ასეთი დაპირება გასცა 2023 წლის 3 აგვისტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ.

bm.ge დაინტერესდა, რეალურად რამდენი საქმიანი ეზო მოეწყო და რომელ რეგიონებში. იმ ფონზე, რომ „ტყის კოდექსიდან გამომდინარე, ეროვნულ სატყეო სააგენტოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ 2026 წელს სრულად ჩაანაცვლოს სოციალური ჭრის პრაქტიკა და მოსახლეობა უზრუნველყოს მდგრადი ტყით სარგებლობის შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნით".

სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში 54 "საქმიანი ეზო" იყო.

რეგიონების მიხედვით კი, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • მცხეთა-მთიანეთი - 12
  • სამცხე-ჯავახეთი - 6
  • კახეთი - 11
  • გურია - 4
  • შიდა ქართლი - 4
  • რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 3
  • იმერეთი - 6
  • ქვემო ქართლი - 5
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3

სისტემის პილოტირებისთვის ეროვნული სატყეო სააგენტოს 10 მლნ ლარის დაფინანსება აქვს, საიდანაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია 5 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი დონორის მიერ გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ მოუწოდებია ინფორმაცია, 10 მლნ-დან რა თანხაა ათვისებული.

შეგახსენებთ, 2021 წლის 10 მაისს მთავრობის სხდომაზე "ტყით სარგებლობის წესის" მიხედვით, სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას ტყეში შეშის ჭრის უფლება აღარ უნდა ჰქონოდა. თუმცა,შემდეგ წესი შეიცვალა და მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე, შესაბამისი ბილეთის საფუძველზე, შეეძლება.

აღნიშნული გულისხმობს, რომ მოსახლეობას სათბობი შეშის ტყეში მათივე ძალებით მოპოვება შეეზღუდება და ამ ფუნქციას ტყის მართვის ორგანოები დაიკავებენ, რომლებიც მოჭრილი მერქნული რესურსის მოსახლეობისთვის საქმიანი ეზოდან მიწოდებას უზრუნველყოფენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები