მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაცული ტერიტორიების ფართობი 75%-ით გაიზარდა - მაია ბითაძე გარემოს დაცვით რეფორმებს აჯამებს

ბითაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, საგაზაფხულო პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ ბოლო ათწლეულში გატარებული გარემოსდაცვითი რეფორმები შეაჯამა. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში გაიზარდა გარემოს დაცვის ინსპექტირებისა და გარემოზე დაკვირვების ინსტრუმენტული საშუალებების რაოდენობა.

„ასოცირების ხელშეკრულების 27 დირექტივიდან, 20 უკვე გადმოტანილი გვაქვს, ეროვნული კანონმდებლობა ამ კუთხით ჰარმონიზებულია. მიმდინარეობს შემდგომი დახვეწის პროცესი. შექმნილია გარემოს მართვისა და რეგულირების, მონიტორინგისა და ინსპექტირების მექანიზმები, რომლებსაც დახვეწა და გაფართოება სჭირდება. 2012 წლამდე გარემოს დაცვითი 5 ინსპექტორი გვყავდა, დღეს მათი რაოდენობა დაახლოებით 900-ია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარეობს გარემოს დაცვის თანმიმდევრული აღდგენის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ქვეყანაში, სადაც 2012 წლამდე სრულად განადგურებული იყო მონიტორინგის სისტემას, დღეს გვაქვს 200-მდე დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტალური საშუალებები, რაც კიდევ ფართოვდება. ქვეყანას უკვე აქვს განძი - ორი მეტეო-რადარი.

გეოლოგია, ჰიდროლოგია, იხტიოლოგია - მთლიანად იყო განადგურებული, როგორც სამეცნიერო, ისე ადამიანური რესურსების კუთხით, რის აღდგენასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება და ამ კუთხით ჩვენ შრომას არ დავზოგავთ, რაც ნათლადაა სამთავრობო პროგრამით გაწერილი”, - აცხადებს მაია ბითაძე.

კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაში დაცული ტერიტორიების რაოდენობის ზრდაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დაცული ტერიტორიების შექმნა დასაქმების მაჩვენებელსაც ზრდის.

“დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 75%-ით გაიზარდა, ბოლო პერიოდში შექმნილია 32 ახალი დაცული ტერიტორია და მხოლოდ ეს გასული წლის განმავლობაში გახდა იმის მიზეზი, რომ დაცული ტერიტორიები 1 მილიონზე მეტ ვიზიტორს მოენახულებინა, რაც თავისთავად ითარგმნება რეგიონების განვითარებაში. გარდა უნიკალური ეკოსისტემების შენარჩუნებისა, ეს არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ”, - აცხადებს მაია ბითაძე.

ბითაძე გარემოზე დაკვირვებისა, პროგნოზისა და მონიტორინგის სისტემების დანერგვის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ისინი ერთ დღეში არ იქმნება: “თვით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ათწლეულები დასჭირდათ ამ სისტემების გამართვისთვის და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები