ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის აპარატში საშტატო ნუსხით
გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებულია 134 პირი, არასაშტატო თანამდებობებზე კი, 12 პირი - ეს, დავით ნარმანიას უწყების პასუხია, ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის საპარლამენტო კითხვაზე.
"ევრო ოპტიმისტების" წევრი დაინტერესდა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში საშტატო და შტატგარეშე ერთეულებზე დასაქმებულ პირთა რაოდენობით. ასევე კომისიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში საშტატო და შტატგარეშე ერთეულებზე დასაქმებულ პირთა რაოდენობითაც.
მარეგულირებლის პასუხით ირკვევა, რომ საშტატო, შტატგარეშე და ააიპ-ში დასაქმებულ პირთა ჯამური რაოდენობა 2024 წლის 17 იანვრის მდგომარეობით 158 ადამიანია.
"კომისიის აპარატში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებულია 134 პირი, არასაშტატო თანამდებობებზე – 12 პირი, ხოლო რაც შეეხება კომისიის მიერ დაფუძნებულ ააიპ
„ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს“, მეწარმეთა და არასამეწარმეო პირთა რეესტრში რეგისტრირებულია საორგანიზაციო ჯგუფის 5 წევრი (მათ შორის ცენტრის დირექტორი) და სახელშეკრულებო ურთიერთობაში (არასაშტატო) იმყოფება 7 პირი", - წერია სემეკის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ ოფიციალურ პასუხში.