საქართველოს მთავრობამ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერის შესახებ გააკეთა განცხადება. მთავრობის განცხადებით ამ ნაბიჯით 30,000-მდე სტუდენტი უმაღლეს სასწავლებლებში დაბრუნდებოდა.
დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია სტატუსშეჩერებული სტუდენტების სასწავლებლებში დაბრუნების სტატისტიკის შესახებ.
მიღებული პასუხების თანახმად, ახალი პროგრამის ფარგლებში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება 4,000-მდე სტუდენტმა მიიღო, რაც მთლიანად სტატუსშეჩერებული სტუდენტების 15%-ზე ნაკლებია, თუმცა სტუდენტის სტატუსის აღდგენის პროცესი მიმდინარეა და ჯერ არაა დასრულებული.
“საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის №378 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების წესის" მე-2 მუხლის საფუძველზე ფინანსური დავალიანება ჩამოეწერა 30 000 - მდე სტუდენტს. 2023 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შემდგომ სტატუსი აღიდგინა 4000 - მდე სტუდენტმა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სტუდენტი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ჩამოეწერება ფინანსური დავალიანება, უფლებამოსილია, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული პროცესი მიმდინარეა,”- ნათქვამია განათლების სამინისტროს პასუხში.