მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი უნდა იმუშაო სხვადასხვა ქვეყანაში, რომ iPhone 15 იყიდო?

iPhone

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, ამერიკული Apple-ის მიერ გამოშვებული სმარტფონი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოწყობილობაა პლანეტაზე, რასაც Apple-ის შემოსავლების სტრუქტურაც ადასტურებს. გასულ წელს, მაგალითად, iPhone-ების გაყიდვით Apple-მა $205 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც კომპანიის ჯამური შემოსავლის 52%-ია.

გასაკვირი არ არის, რომ iPhone-ების ამგვარი პოპულარობის ფონზე, Apple-ის მოწყობილობები, სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრების გასაზომ ერთგვარ მეტრიკად ითვლება. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით საინტერესოა iPhone-ის ყოველწლიური ინდექსი, რომელიც ზომავს თუ წლიური შემოსავლის რა ნაწილი უნდა გადაიხადოს კონკრეტული ქვეყნის მცხოვრებლებს იმისთვის, რომ iPhone-ის საბაზისო მოდელის ყიდვა შეძლოს. წელს, ამ ინდექის მთავარ პარამეტრად iPhone 15-ის 128-გიგაბაიტიანი მოდელი არის შერჩეული, რომელიც, Apple-ის ოფიციალურ საიტზე $799 ღირს.

კიდევ ერთი პარამეტრი, რომელსაც აღნიშნული ინდექსი ითვალისწინებს - საშუალო წლიური ხელფასია, რომელსაც კონკრეტული ქვეყნის საშუალო სტატისტიკური მოქალაქე იღებს. გამოდის, რომ რაც უფრო დიდია ინდექსის პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო დიდი დრო და შესაბამისად ფული უნდა დაუთმოს ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქემ სამსახურს, iPhone 15-ის ყიდვა რომ მოახერხოს. ამ მხრივ, უდავო ანტი-ლიდერი მიანმარია, სადაც iPhone 15-ის ფასი საშუალოსტატისტიკური მიანმარელის ხელფასის თითქმის 90 პროცენტს შეესაბამება. მიანმართან ერთად, ამ რეიტინგში, უმეტესწილად, სწორედ დაბალშემოსავლიან განვითარებად ქვეყნებს ვხვდებით.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც მოსახლეობას iPhone 15-ის შესყიდვა ყველაზე ძვირი უჯდება, შემდეგნაირად გამოიყურება:

მიანმარი - 89.97%
პაკისტანი - 65.94%
ნიგერია - 65.83%
კენია - 61.42%
ბანგლადეში - 55.79%
ტუნისი - 53.04%
მაროკო - 49.54%
ეგვიპტე - 46.29%
ნამიბია - 44.6%
ელ-სალვადორი - 41.88%

კარდინალურად განსხვავებული მდგომარეობაა ინდექსის მეორე ბოლოში, რომელსაც ერთგვარი ჰიბრიდული ჰიბრიდული ჯუჯა სახელმწიფო, ლუქსემბურგი ლიდერობს. ლუქსემბურგის მაგალითი განსაკუთრებულია, რადგან ამ ქვეყანაში ცოტა ადამიანი ცხოვრობს და ბევრი ადამიანი მუშაობს, რის გამოც, სტატისტიკურად, ლუქსემბურგში ყველაზე მდიდარი ადამიანები ცხოვრობენ, რადგან ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იქ $142 ათასს აღემატება. თუმცა ლუქსემბურგის გარდა, ამ სიაში ვხვდებით შვეიცარიას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და შვედეთს, რაც გასაგებიცაა.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც მოსახლეობას iPhone 15-ის შესყიდვა ყველაზე იაფი უჯდება, შემდეგნაირად გამოიყურება:

ლუქსემბურგი - 1.55%
შვეიცარია - 1.58%
აშშ - 1.69%
ნორვეგია - 2.21%
დანია - 2.26%
სინგაპური - 2.40%
შვედეთი - 2.57%
ნიდერლანდები - 2.60%
ავსტრალია - 2.60%
კატარი - 2.61%

2023 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობის, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1804.5 ლარს შეადგენს, მაგრამ ამ თანხაში შედის სახელმწიფო საშემოსავლო და საპენსიო გადასახადები, რომელთა გარეშე, ხელზე ასაღები თანხა 1407.51 ლარი გამოდის, რაც წელიწადში, 16890.12 ლარს უდრის. თუ ამერიკაში iPhone 15-ის ფასი $799-იდან იწყება, ამ მოწყობილობის მინიმალური ფასი, საქართველოში, 2799 ლარს შეადგენს. გამოდის, რომ iPhone-ის საყიდლად, საშუალოსტატისტიკურმა ქართველმა მისი წლიური შემოსავლის 16.57% უნდა დახარჯოს. ამ მეტრიკით, საქართველო ისეთ ქვეყნებს შორის ხვდება, როგორიცაა ბულგარეთი, ყაზახეთი, ტაილანდი და მონტენეგრო.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები