საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზის დირექტორის ანაზღაურება თვიურად 7 426 ლარია. ამის შესახებ ტარიელ ხარჩილავა 28 ივნისს შევსებულ დეკლარაციაში წერს.
მის სახელფასო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების მომენტისთვის 2 519 ლარი იყო, დეპოზიტზე 680 ლარი. საკრედიტო სესხის მომსახურებისთვის კი, გასულ წელს 6 790 ლარი გადაიხადა.
სხვა, არავითარი ინფორმაცია არც ოჯახის წევრებზე, არც უძრავ და არც მოძრავ ქონებაზე დეკლარაციაში მითითებული არ არის.
პრომოუტერი ტატო ხარჩილავა დარბაზის დირექტორად 2019 წელს დაინიშნა. BLACK SEA ARENA-ს დირექტორობა 87 აპლიკანტს სურდა.
2022 წელს შპს ბლექ სი არენა ჯორჯიამ 2023-2024 წლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების მიზნით 73,2 მლნ ლარი მიიღო. აღნიშნული თანხა მოიცავს, როგორც არტისტების ჰონორარებს, ასევე ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.
ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნატანებში მდებარე დარბაზის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო. კომპანიის მართვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება.
ბიძინა ივანიშვილის ფონდმა დარბაზის აშენებაზე $115 მილიონზე მეტი დახარჯა და ის 10,000 მაყურებელზეა გათვლილი.
დარბაზი, რომლის მშენებლობაც 2008 წელს დაიწყო 2016 წლის 31 ივლისს გაიხსნა.