მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენია PSG-ს კაპიტალიზაცია და ვინ მართავს კლუბს?

ნასერ ალ ხელაიფი

2025 წლის 31 მაისს ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში "პსჟ" გახდა მეორე ადგილობრივი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. აქამდე ეს მიღწევა მხოლოდ "მარსელს" ჰქონდა დაფიქსირებული შორეულ 1993 წელს, თუმცა ამიერიდან ფრანგებს ორი ჩემპიონი კლუბი ჰყავთ.

წარსულში "პარის სენ-ჟერმენი" ქვეყანაში საფეხბურთო გრანდადაც კი არ მიიჩნეოდა და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე წარმატების ამბიციაც არ გააჩნდა. ყველაფერი კი 2011 წელს შეიცვალა, როდესაც კლუბის სათავეში კატარელი შეიხები მოვიდნენ ნასერ ალ ხელაიფის ხელმძღვანელობით. Qatar Sports Investment's-მა პარიზული კლუბის 70%-ის სანაცვლოდ, მაშინ 50 მილიონი ევრო გადაიხადა და ორგანიზაციამ მაშინვე დაიწყო აღმავლობის გზაზე სიარული, რადგან კატარელები ასეულობით მილიონი ევროს ტრანსფერებზე ხარჯვას არ ერიდებოდნენ.

თავდაპირველი გათვლებით კლუბი აქცენტს მსოფლიო დონის ვარსკვლავებზე აკეთებდა, რათა ევროპულ სარბიელზე თავი დაემკვიდრებინა, როგორც საფეხბურთო გრანდს. სხვადასხვა დროს მათ შემადგენლობაში უასპარეზიათ ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ედინსონ კავანი, სერხიო რამოსი, ნეიმარი, კილიან მბაპე და ლეო მესი არიან, თუმცა ამ ფეხბურთელებს შიდა, ეროვნული ტიტულების მოპოვების გარდა სხვა წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. ერთადერთხელ, კოვიდ 2019/20 წლების სეზონში გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ დამარცხდნენ.

2024 წელს ნასერ ალ ხელაიფმა გარკვეული დასკვნები გამოიტანა და შეელია, როგორც მბაპეს ისე სხვა ვარსკვლავებსაც და გუნდის შენება ნიჭიერ, ახალგაზრდა და ტიტულებზე მოწყურებულ ფეხბურთელებზე დაიწყო. გუნდში მოვიდნენ/დაწინაურდნენ: უსმან დემბელე, დეზირე დუე, ბრედლი ბარკოლა, ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ახალგაზრდები, რომლებსაც პრეტენზია საუკეთესოებაზე ჰქონდათ, არამარტო შიდა, არამედ ევრო სარბიელზე.

ეკონომ დანახარჯებით და სწორი მიდგომით ნასერ ალ ხელაიფმა "ჯეკპოტს" მოარტყა. 2024/25 წლების სეზონი გუნდმა ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ტრებლით დახურა და ზემოთ ჩამოთვლილი ახალგაზრდა მოთამაშეების უმრავლესობამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლით, საგოლე პასით ან სულაც ორივე მოქმედებით გამოიჩინა თავი.

დღეს "პსჟ" ამერიკული გამოცემა "Forbes"-ის მიხედვით მეშვიდე ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბია 4,4 მილიარდ დოლარიანი შეფასებით, ხოლო გავლენიანი გამოცემა "Deloitte"-ს მიხედვით მესამე ყვლეაზე შემოსავლიანი გუნდი 806 მილიონი ევროთი.

ამჟამად Qatar Sports Invesment's-ი კლუბის 87,5%-ს მართავს, ხოლო დარჩენილი 12,5% ამერიკული საინვესტიციო ფირმა Arctos Partners-ის მფლობელობაშია.

ასე და ამგვარად 14 წლიანი მმართველობის შემდეგ პირველად ნასერ ალ ხელაიფმა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას პირველად გაუგო გემო, მიიღო ის გამოცდილებაც, რაც საჩემპიონო გუნდის აშენებისთვის არის საჭირო და ამიერიდან "პსჟ"-სგან ყველა გულშემატკივარს ევრო ტურნირებზე გაცილებით მეტის მოლოდინი ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები