საქართველოში სერტიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალის წარმოება იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ სერტიფიცირების სისტემის მხარდაჭერის ფარგლებში, ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილ ხორბლის სათესლე მასალაზე გაიცა 41 სერტიფიკატი, რაც ჯამში 554 ტონა სერტიფიცირებულ პროდუქციას მოიცავს.
სერტიფიცირებული პროდუქციის ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგროსექტორისთვის, რადგან უზრუნველყოფს ხარისხიან სათესლე მასალაზე ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს მოსავლიანობისა და წარმოების ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
მრავალწლოვანი კულტურების მიმართულებით, კვალიფიციური სანერგე მეურნეობის სტატუსი მიენიჭა დაახლოებით 50 სანერგე მეურნეობას, ხოლო ტყის მერქნიან სახეობებზე გაიცა 27 სერტიფიკატი, რაც სერტიფიცირებული სარგავი მასალის წარმოების გაფართოებაზე მიუთითებს.
ამასთან, 2019–2025 წლებში ეროვნულ კატალოგში შეტანილი 109 ჯიში, მათ შორის ხორბლის, ვაზის, ქერისა და შვრიის კულტურები, დამატებით უწყობს ხელს სერტიფიცირებული პროდუქციის განვითარებასა და აგროსექტორის მდგრადობას.




























