მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რამდენიმე დღეში ახალ შოურუმს გავხსნით” - “ნიკოლის” გეგმები

ნიკოლი

ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი „ნიკოლი” რამდენიმე დღეში თბილისში, თავისივე საწარმოს გვერდით შოურუმს გახსნის. განვითარების გეგმებზე ბრენდის დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაშვილმა Bm.ge-სთან ისაუბრა.

“სულ რამდენიმე დღეში გავხსნით ჩვენს ახალ შოურუმს, ევგენი მიქელაძის #11 ნომერში, ეს მდებარეობს ზუსტად ჩვენი საწარმოს გვერდით და მომხმარებლებს აქაც შეეძლებათ ჩვენი პროდუქტის დათვალიერება და შეძენა. ასევე, დიდი ხანია პროდუქტის სხვა კატეგორიების დამატება გვსურს და იმედი მაქვს, ამასაც მალე შევძლებთ და კიდევ უფრო მეტ პროდუქტს შევთავაზებთ ბაზარს”, - დასძინა მან.

დამფუძნებელმა ბრენდის სიახლეებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ “ნიკოლიმ” ფილიალები დაამატა და არც ფრენჩაიზის ტიპის თანამშრომლობაზე ამბობს უარს.

“ახლახან გავხსენით ჩვენი რიგით მე-4 ფილიალი საბურთალოს "სითი მოლში". ჩვენთვის ეს საკმაოდ სტრატეგიული ლოკაციაა ,გამომდინარე იქიდან რომ აქამდე გვქონდა თბილისში მოლში და "ისთ ფოინთში" და ამჟამად უკვე ქალაქის ცენტრშიც გავხდით მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა ჩვენი სტრატეგიის ნაწილია რაც შეიძლება მეტი ფილიალი გვქონდეს და შესაბამისად არც ფრენჩაიზის ტიპის თანამშრომლობაზე ვამბობთ უარს, სწორედ ამ ტიპის თანამშრომლობით შევძელით კიდევ ორი ფილიალის დამატება ქალაქ ზუგდიდში (ზუგდიდი მოლში) და ქუთაისში (გალაქტიონ ტაბიძის 23)”, - ამბობს ის.

სიახლეებთან ერთად ნიკოლაშვილმა ბაზარზე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა, მთავარ პრობლემად ისევ ნედლეულის გაძვირება და კადრების დეფიციტი რჩება.

“კადრების დეფიციტის პრობლემა პრობლემადვე რჩება თუმცა არა ისეთივე სიმწვავით როგორც ეს გასულ წლებში იყო. ჩვენ შევცვალეთ სტრატეგია და პროფესიონალი კადრების გარდა ასევე ვასაქმებთ ნაკლები გამოცდილების მქონე ადამიანებსაც და თავად ვასწავლით და ვეხმარებით გახდნენ უფრო კვალიფიციურები, არსებობს უამრავი გარე ფაქტორი, რომლებზეც სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია გავლენის მოხდენა, მაგალითად როგორიც არის ნედლეულზე ფასების ზრდა. არ არსებობს ნედლეულის ის კატეგორია, რომელიც არ გაგვიძვირდა ბოლო პერიოდში და შეუძლებელია ამას არ მოეხდინა გავლენა ჩვენი პროდუქტის ფასწარმოქმნაზეც. ჩვენი ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა თუმცა, რადგან ბრენდის კონცეფცია გულისხმობს ვიყოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი მაქსიმალურად ვცდილობთ ეს ზრდა არ იყოს დიდი, გარდა ამისა,  ვფიქრობ, დღესდღეობით მცირე და საშუალო ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაინც ფინანსებზე ნაკლები ხელმისაწვდომობაა. ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება დრო იმისათვის, რომ მიაღწიოს სტაბილურობას და საქმე გახადოს მოგებიანი.ნამდვილად ვისურვებდი უფრო მეტ ინვესტორს ჩვენ ქვეყანაში და უფრო მეტად ბიზნესის გვერდში მდგომ საბანკო სექტორს”, - აღნიშნა დამფუძნებელმა.

“ნიკოლის” პროდუქტზე მოთხოვნა მზარდია, ბრენდი ექსპორტზეც გავიდა.

“ტენდენცია უცვლელია და ჩვენ პროდუქტზე მოთხოვნა მზარდია, ასევე იმის ფონზე რომ ფილიალების რაოდენობა იზრდება ბუნებრივია ჩნდება წარმოების ზრდის საჭიროებაც, ეტაპობრივად რა თქმა უნდა ვზრდით დასაქმებულების რაოდენობასაც და გარდა ამისა ჩვენ საწარმოო გუნდი დაიყო ორ ნაწილად, ერთი გუნდი მუდმივად იმუშავებს საცალო მიმართულებით ხოლო მეორე დაკავებული იქნება კორპორაციული შეკვეთების წარმოებით, ეს საშუალებას მოგვცემს უწყვეტ რეჟიმში მოხდეს ორივე მიმართულებით მომარაგება. ამჟამად ჩვენი წარმადობა წელიწადში დაახლოებით 30 000 ერთეული პროდუქტია. ამასთან, წელს ოთხ ქვეყანაში გავედით ექსპორტზე, ეს ქვეყნებია: კანადა, ლიბია, საუდის არაბეთი და ქუივეთი, ექსპორტიდან მოლოდინები დიდია”, - დასძინა ნიკოლაშვილმა.

ცნობისთვის: ბავშვთა სამოსის ქართული მწარმოებელი ბრენდის „ნიკოლის“ შექმნის იდეა 2017 წელს გაჩნდა. ბრენდი 1-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ქმნის ტანისამოსს.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები